თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სააპელაციო სასამართლო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ ე.წ. „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე განაჩენს დღეს, 16:00 გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია „sputnik–საქართველოს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.
საქალაქო სასამართლომ უგულავა 2009-2010 წლებში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში“, რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფინანსება იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 სექტემბერს „თბილსერვისის“ საქმეზე გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ამნისტიის გათვალისწინებით, სასჯელის საბოლოო ვადად მას 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
იმავე დღეს საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ დაუფლების საქმესთან დაკავშირებით გაამართლა. პროკურატურის მტკიცებით, კეზერაშვილმა მუქარით აიძულა ჯოზეფ კეი, რომელიც იმ პერიოდში "იმედის" ხელმძღვანელი იყო, 10 მილიონ დოლარად გაეყიდა ტელეკომპანია. ფაქტიური გარიგება კი ჯოზეფ კეის კომპანიასთან უგულავას დავალებით გაფორმდა.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი — პროკურატურამ.