თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით. ორივე პაციენტს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ, რომლებიც ვირუსის ფონზე გართულდა და ლეტალური შედეგით დასრულდა.
აჭარაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვირუსული დაავადებების შემთხვევები გაიზარდა. სამედიცინო დაწესებულებებში ადამიანების მიმართვიანობა გაზრდილია - 404 შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად გრიპის 161 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 160 — A/H3 და ერთი B ტიპის ვირუსია.
ვირუსის გავრცელების გამო, აჭარაში მედიკოსები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. რეგიონის მცხოვრებლებს შეუძლიათ ექიმი სახლში გამოიძახონ ან სტაციონარს მიმართონ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს თავი აარიდონ თვითმკურნალობას და დროულად მიმართონ ექიმს.