თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აშშ-ში პარასკევს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ფინალური ეტაპი ჩატარდება.
აშშ-ში საარჩევნო სისტემა ორი საფეხურისგან შედგება, ამომრჩევლები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ ირჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიის ამომრჩევლებს, რომლებიც შემდეგ „თავიანთი“ კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას. ე.წ. სახალხო კენჭისყრისას, 8 ნოემბერს რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. 19 დეკემბერს ამომრჩევლებმა ეს შედეგი დაადასტურეს.
ახლა საარჩევნო პროცესში კონგრესის ჩართვის დრო დადგა. სენატი და წარმომადგენელთა პალატა პარასკევს ერთობლივ სხდომაზე ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 22:00) შეიკრიბებიან. თავმჯდომარე იქნება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც კონსტიტუციით სენატის პრეზიდენტია. მას შემდეგ, რაც სენატი და წარმომადგენელთა პალატა თავის სამუშაოს შეასრულებენ, ვიცე-პრეზიდენტი კენჭისყრის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს.
კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საარჩევნო პროცესში ორკვირიანი შესვენება იქნება. 20 იანვარს ის გამარჯვებულის ინაუგურაციით დასრულდება. ამის შემდეგ პრეზიდენტი თეთრი სახლის სრულუფლებიანი პატრონი გახდება.
20 იანვარს სახელმწიფოს ახალი მეთაური დადებს ფიცს, ხოლო შემდეგ სიტყვით გამოვა.