თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი ბიზნესისთვის თავის დანებებას 2017 წლის 20 იანვრამდე, ინაუგურაციამდე აპირებს. ამის თაობაზე მან Twitter-ის საკუთარ აკაუნტში დაწერა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამის გაკეთებას არ მავალდებულებს, ჩემს კომპანიებს 20 იანვრამდე დავტოვებ, რათა მთელი ყურადღება პრეზიდენტობაზე გადავიტანო. ჩემი შვილებიდან ორი – დონი და ერიკი, ასევე ხელმძღვანელობის წევრები გააგრძელებენ მართვას. ჩემი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში არანაირი ახალი გარიგება არ დაიდება“, – დაწერა ტრამპმა.
უფრო ადრე ტრამპმა იანვარში გადაიტანა პრესკონფერენცია, რომელიც ბიზნესიდან მისი წასვლის გეგმებს ეხება და რომელიც ხუთშაბათს იყო დაგეგმილი. პრესკონფერენციაზე ტრამპი, სავარაუდოდ, ისაუბრებს იმაზე, რომ არ დაუშვებს ინტერესთა კონფლიქტს მის ბიზნესსა და პრეზიდენტის მოვალეობებს შორის.
ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.