თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. XX საუკუნის ცნობილი ფერმწერისა და ქართული სახვითი ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლის ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის ნამუშევრების გამოფენა თბილისში 10 იანვარს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.
ექსპოზიცია ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 და გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება.
„ეთნიკურად სომეხმა, თბილისის ძირძველმა მკვიდრმა მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა და მტკიცე საფუძველი შეუქმნა ახალი და უახლესი ქართული ფერწერის განვითარებას. ბაჟბეუკ-მელიქოვის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, თავისი ესთეტიკური ღირებულებითა და სპეციფიკური მხატვრული გამომსახველობით, ქართულ სახვით ხელოვნებაშიც თავისებურ ეტალონად რჩება“, — აღნიშნულია მუზეუმის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაჟბეუკ-მელიქოვის საქართველოში დაცული ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმიდან; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით.
გამოფენა სამშაბათს, 18:00 საათზე გაიხსნება და 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მუზეუმის მისამართია: რუსთაველის გამზირი, 11.
ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი 1891 წელს თბილისში დაიბადა. 1903 წელს ის კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში შედის. 1920 წელს ფერმწერი მოსკოვში მიემართება, სადაც სწავლას მხატვარ ვასილი მეშკოვის სტუდიაში განაგრძობს. მოგვიანებით პეტერბურგში გადადის და სამხატვრო აკადემიაში აბარებს.
ბაჟბეუკ-მელიქოვი თბილისში 1917 წელს დაბრუნდა და ამ დროიდან იწყება მისი, როგორც დამოუკიდებელი მხატვრის მოღვაწეობა. 1922-1929 წლებში ასწავლის მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1937 წლამდე — სამხატვრო აკადემიაში.