თბილისი, 5 იანვარი— Sputnik. მედი ვალერსკის ქორეოგრაფიით დადგმული თანამედროვე ბალეტის Petite Ceremonie პრემიერა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 4 და 5 თებერვალს გაიმართება.
მედი ვალერსკი —37 წლის ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. სწავლობდა მუსიკისა და ცეკვის პარიზის უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში. ცეკვავდა პარიზის ეროვნული ოპერის, ნიცის ოპერის, რეინის ბალეტისა და ცეკვის ნიდერლანდის თეატრის საბალეტო დასებში.
მის რეპერტუარში შესული იყო ისეთი ქორეოგრაფების საბალეტო დადგმები, როგორებიც არიან ირჟი კილიანი, პოლ ლაიტფუტი, სოლ ლეონი, უეინ მაკგრეგორი, ჰანს ვან მანენი, ემიო გრეკო, ოჰად ნაჰარინი და კრისტალ პაიტი. ბოლო დროს ვალერსკი მიწვეულ ქორეოგრაფად მუშაობს ბერნის, გიოტებორგის და ვანკუვერის ბალეტებში.
განსაკუთრებული სახელი ახალგაზრდა ქორეოგრაფს მოუტანა დადგმებმა Words failed me, LaLaLand (ალექსანდრ ეკმანთან ერთად), Petite Ceremonie-მ და Prelude-მ.
ბალეტს Petite Ceremonie ქართველი მაყურებელი სილვენ სენეზის სცენოგრაფიითა და მხატვარ ლინდა ჩოუს მიერ შექმნილი კოსტიუმებით იხილავს. განათების მხატვარია ბონი ბიჩერი. მედი ვალერსკის კომპილაციით სპექტაკლში გაიჟღერებს მოცარტის, ბელინის, როჯერსის, ჰარტისა და ვივალდის მუსიკა.
Petite Ceremonie-ს პრემიერის გარდა თბილისის თეატრის სცენაზე მაყურებელი თანამედროვე ქორეოგრაფიის სხვა დადგმებსაც ნახავს. კერძოდ, საღამოს სტუმრები იხილავენ ირჟი კილიანის პროგრამას Sechs Tänze („ექვსი ცეკვა“), Falling Angels („დაცემული ანგელოზები“), Petite Mort („პატარა სიკვდილი“).
დადგმის ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ დაჯავშნით საიტზე tkt.ge.