ცნობილი ტერორისტი ქალი პოლა რუპა საბერძნეთში დააკავეს

© სქრინშოტიბერძენი ტერორისტი ქალი პოლა რუპა
ბერძენი ტერორისტი ქალი პოლა რუპა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის თებერვალში პოლა რუპამ ვერტმფრენის გატაცება და კორიდალოსის (ათენი) ციხიდან მეუღლის გაქცევის მოწყობა სცადა.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საბერძნეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა ხუთშაბათს, დილით ერთ-ერთი ყველაზე მეტად ძებნილი ტერორისტი ქალი, 48 წლის პანაიოტა (პოლა) რუპა დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საბერძნეთის ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით.

პოლა რუპა ცნობილი ბერძენი ტერორისტის ნიკოს მაზიოტისის მეუღლეა და ორივენი ანარქისტულ-ტერორისტული ორგანიზაცია „რევოლუციური ბრძოლის“ წევრები არიან.

პოლა რუპას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული სასჯელი მთელი რიგი ტერორისტული აქტებისთვის, მათ შორის, 2007 წელს ათენში აშშ-ის საელჩოს მიმართულებით ნაღმმტყორცნიდან სროლისთვის.

„რევოლუციური ბრძოლა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში სწორედ ამ ფაქტის გამო შეიყვანა.

კაისერიში აფეთქების შედეგად დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაჰყავთ - Sputnik საქართველო
აფეთქება თურქეთში: დაკავებულია შვიდი ადამიანი

სააგენტოს ინფორმაციით, პოლა რუპა ათენის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სახლში საბერძნეთის დროით დილის 6 საათზე დააკავეს. ამ დროს მასთან ერთად არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

მის გარდა ასევე დაკავებულია 25 წლის ქალი, რომელიც დამნაშავის დაფარვაშია ეჭვმიტანილი.

პოლა რუპა განსაკუთრებით საშიში ტერორისტების სიაში იყო შეყვანილი — მასზე ინფორმაციისთვის ჯილდოდ 1 მილიონი ევრო იყო დაწესებული.

ნიკოს მაზიოტისი ათენის ცენტრში 2014 წელს დააკავეს, როდესაც ორმხრივ სროლებში ოთხი ადამიანი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ პოლა რუპას მოძებნა ვერ მოახერხა.

2016 წლის თებერვალში პოლა რუპამ ვერტმფრენის გატაცება და კორიდალოსის (ათენი) ციხიდან მეუღლის გაქცევის მოწყობა სცადა. მან დაიქირავა ექვს კაცზე გათვლილი ვერტმფრენი და უკვე ჰაერში მყოფმა პილოტს იარაღის მუქარით კურსის შეცვლა მოსთხოვა. მფრინავმა მისი განიარაღება სცადა, რასაც სამჯერ გასროლა მოჰყვა.

საბოლოოდ ვერტმფრენი მიწაზე დაეშვა, ხოლო პოლამ გაუჩინარება მოახერხა.

დადგინდა, რომ იარაღი, რომელიც პოლა რუპამ პილოტის წინააღმდეგ გამოიყენა, ფიგურირებდა 2014 წელს მაზიოტისის მიერ ბანკის ძარცვის საქმეში, რა დროსაც პოლიციელი დაიჭრა.

პოლა რუპას, ტერაქტების გარდა, სულ მცირე, ორ შეიარაღებულ ძარცვაშიც ედება ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0