თბილისი, 5 იანვარი— Sputnik. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძირითადმა კომპანია Trump Organization–მა ბათუმში საცხოვრებელის სახლის მშენებლობის პროექტიდან „ტრამპ თაუერი“ გასვლის შესახებ განაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Bloomberg–ზე დაყრდნობით.
ქართული დეველოპერის, Silk Road–ისა და Trump Organization–ის ერთობლივ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ 250 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული 47–სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ტრამპის ორგანიზაციის გარეშე გაგრძელდება.
სააგენტო ამ ნაბიჯს „დაძაბულობის შემცირების მცდელობას“ უწოდებს, რაც გამოიწვია „ბრალდებებმა, რომ მას შემდეგ, რაც ის თეთრ სახლს დაიკავებს, მისმა საერთაშორისო ბიზნესმა, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს“.
დეკემბერში ცნობილი გახდა ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ის უარს აცხადებს ბრაზილიასა და აზერბაიჯანში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტებში მონაწილეობაზე.
ტრამპის ბიზნეს–იმპერიის გარშემო დავა მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიწყო. კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტის პოსტზე ბიზნესის ნებისმიერი მართვა ტრამპისთვის ინტერესთა კონფლიქტი იქნება.
სხვა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონი ტრამპის მხარესაა და ის პრეზიდენტს საკუთარი ბიზნეს–იმპერიის გაყიდვას არ ავალდებულებს. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ კანონი მას ხელს არ უშლის, ერთდროულად მართოს ბიზნესიცა და ქვეყანაც. ამავდროულად, ტრამპმა მიანიშნა, რომ თავისი ბიზნესის მართვას შვილებს გადასცემს. თუმცა ეს ტექნიკურად ადვილი არ იქნება. ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, კონკრეტულად როგორ მოიქცევა. ტრამპის დიდი პრესკონფერენცია ნიუ–იორკში 11 იანვარს გაიმართება.