თბილისი, 5 იანვარი— Sputnik. „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთსა და საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხი 2016 წელს ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში შევიდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-ის გვერდზე.
ჩინეთის კომერციის სამინისტროს ინიციატივით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში მერვე ადგილზე მოხვდა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე მემორანდუმი თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.
ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი იქნება.
საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკებები 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო და სამ რაუნდად ჩატარდა, რომელთაგან უკანასკნელი გასული წლის ივლისში გაიმართა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის. ქართული ღვინის მაღაზია-სალონები ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება.