საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს

© Правительство Грузииსაქართველო-ჩინეთს შორის მემორანდუმის ხელმოწერა
საქართველო-ჩინეთს შორის მემორანდუმის ხელმოწერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები 2015 წელს დაიწყო და სამ რაუნდად ჩატარდა. ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში — 7 თვეში წარმატებით დასრულდა. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენიმ მოაწერეს. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მემორანდუმის ხელმოწერამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის გაო ხუჩენის შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო.

ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმდნენ

„ძალიან დიდი, ისტორიული ნაბიჯი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით, რომელიც ორივე ქვეყანაში ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას წაახალისებს", — ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის განცხადებით, ჩინეთი უკვე არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველო ამაყობს, რომ პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებები წამოიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაასრულა.

მხარეების შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები ძალზე აქტიურად ვითარდება. საუბარი შეეხო ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკას და აღინიშნა, რომ, 2016 წლის 8 თვის მონაცემებით, ჩინეთში უკვე ექსპორტირებულია 3,5 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 158%-იანი ზრდაა.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ახალი აბრეშუმის გზის პროექტის — „ერთი სარტყელი — ერთი გზის" მიმართულებით პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანზიტი და ლოგისტიკური მიმართულება.

ყველა ახალი ამბავი
0