თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.
„ჩვენს ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის“, — ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტში.
ილია მეორეს, რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა, დღეს 84 წელი შეუსრულდა. უწმინდესი კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს, ინტრონიზაციის ცერემონია 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა.