თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა, იუწყება მაუწყებლის პირველი არხი.
მეორე ტურში გადავიდნენ: ზაალ ანჯაფარიძე — 6 ხმა, ვასილ მაღლაფერიძე — 6 ხმა, ნინო ზაუტაშვილი — 5 ხმა, თინათინ ბერძენიშვილი — 8 ხმა, ნათია კუპრაშვილი — 8 ხმა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბარათაშვილმა გასული წლის ნოემბერში ამ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოცხადდა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა.
პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატურები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა კი 6 იანვარს გაიმართება.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელე და ორ რადიოარხს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაუწყებელს სამეურვეო საბჭო მართავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ექვსი წლით ირჩევენ.