საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ორჯერ გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე აღადგინეს. საბოლოოდ, მან თვითონ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელე და ორ რადიოარხს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაუწყებელს სამეურვეო საბჭო მართავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ექვსი წლით ირჩევენ.

„დიდი ხანია, რაც ეს მაქვს გეგმაში, მაგრამ ბევრი მოვლენა იყო, მათ შორის არჩევნები და არ შემეძლო წასვლა, ახლა საუკეთესო დროა, რომ წავიდე. სიახლეებია ჩემს ცხოვრებაში. ორი წელი კიდევ მქონდა დარჩენილი, მაგრამ გადავწყვიტე წასვლა“, – განაცხადა ბარათაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პირველი არხის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

ბარათაშვილი თანამდებობაზე 2012 წლის დეკემბერში დაინიშნა. მან მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 13–დან 8 ხმა მიიღო. ბარათაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2004 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

2013 წელს სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი, საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო, ორჯერ გაათავისუფლა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორჯერვე აღადგინა თანამდებობაზე, რადგან ბარათაშვილის გათავისუფლებისთვის საფუძველი ვერ აღმოაჩინა.

მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ირჩევენ შესაბამისი კონკურსის შედეგებით და ინიშნება შედეგების შეჯამებიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0