თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2016 წლის იანვარში აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსია გუდაურში დაიწყო, წელს კი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი ავსტრიელმა ექსპერტებმა გადაამზადეს. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ბაზაზე მიმდინარეობდა.
ტრენინგის დროს პროექტის მონაწილეები გაეცნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნა და გადარჩენა. ისინი სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.
პატრულის ამ დანაყოფის ფუნქციებში შედის სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვა, ასევე ტრასებზე მოთხილამურეთა სისხლში ალკოჰოლის შემცველობის დადგენა.
სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციასა და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.