თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვადამდელი გადადგომა იწინასწარმეტყველა და ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაძლო ცვლილებებს დაუკავშირა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე "ქართულ ოცნებაში" საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ, მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებასა და მისი უფლებამოსილების შემცირების შესახებ.
"შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში, — თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება, — ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენ მიერ არჩეული პრეზიდენტი", — განაცხადა უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგება, კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, აღნიშნა უსუფაშვილმა.
"თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი — ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი, — არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, "ოცნებამ" შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი — და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება", — აღნიშნა უსუფაშვილმა.
"ქართულმა ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს. ეს მას კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.