თბილისი, 3 იანვარი— Sputnik. კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ბავშვებს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საახალწლო ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა.
საახალწლო ნაძვის ხე ბავშვებისათვის, ტრადიციულად, პირველმა ლედიმ მორთო. მაკა ჩიჩუამ ხის მამლები ოქროსფერი და წითელი საღებავით საკუთარი ხელით შეღება და საახალწლო ნაძვის ხე ბრჭყვიალებითა და ექსკლუზიური საავტორო სათამაშოებით მორთო.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამსახიობო დასმა სტუმრებს საბავშვო მუსიკალური წარმოდგენა გაუმართა. დადგმაში სახელწოდებით „საახალწლო ნაძვის ხე", პატარებს საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები, თოვლის ბაბუა და ნამდვილი საახალწლო მასკარადი შესთავაზეს.
წარმოდგენის შემდეგ ყველა ბავშვმა საახალწლო საჩუქარი მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო პროგრამა 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.