თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდ მწუხარებას გამოთქვამს სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხსა და ქვეყნის მთავრობას, ნათქვამია მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ პრემიერის სამძიმრის წერილში.
შეიარაღებული თავდასხმა სტამბულის ღამის კლუბ Reina–ზე ახალი წლის ღამეს მოხდა. სანტა–კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტმა ცეცხლი კალაშნიკოვის ავტომატიდან გახსნა. ბოლო ინფორმაციით, ტერორისტულ აქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა, 69 კი – დაიჭრა.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას, რომელსაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაატყდა თავს განსაცდელი და ტერაქტების შედეგად მიყენებულ მძიმე დარტყმებთან უწევს გამკლავება“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
პრემიერი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს შემზარავი ტრაგედია მოხდა ახალი წლის ღამეს. მისი შეფასებით, ეს არის უკიდურესი სისასტიკე მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ადამიანების მიმართ.
„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ტერორიზმი ვერ დაამარცხებს, რადგან ჩვენ ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი და ეს არის სწრაფვა მშვიდობისაკენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
სტამბულში ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.