ზესტაფონურ-ბორჯომული „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიზურაბ ანჯაფარიძე
ზურაბ ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!!!

არ შეგეშინდეთ, დღესაც გასვენებთ ჩვენს აივანზე ამოსვლისგან. ყველაფერი მშვენივრად მესმის: ქალბატონების დალაგებები, მამაკაცების „პახმელიები“…  ყველას დასვენება გვჭირდება. ამიტომაც, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს „ბედობაა“, ამიტომაც, რაოდენ გადაღლილებიც უნდა იყოთ დაუსრულებელი სადღეგრძელობისგან, გახსოვდეთ, რომ დღეს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ და მიეფეროთ ერთმანეთს, იყოთ მიმტევებლები და ოპტიმისტურად გაატაროთ დღე. ამაში კი, პირველ რიგში, იუმორი დაგვეხმარება.

რადგან დღეს ბედობაა, განსაკუთრებით აქტუალურია ელდარ რიაზანოვის შესანიშნავი, კეთილი და ხალისიანი  ფილმი „ბედის ირონია“, რომელსაც საახალწლო დღეებში ხშირად ვიხსენებთ.

ფილმში აღწერილი ისტორია ხომ, ერთი შეხედვით, ზღაპარს ჩამოჰგავს და თითქოს წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება რეალურ ცხოვრებაში მოხდეს. მაგრამ მე დაგიმტკიცებთ, რომ ის ძალიან ახლოსაა სინამდვილესთან, უბრალოდ, ცოტა უტრირებულია.

მაშ, ასე:

ისტორია პირველი — „ბედის ირონია“ ზესტაფონურად

ქალაქ ზესტაფონში ცხოვრობდა ერთი შესანიშნავი კაცი, სახელად შვეტია. ვინც ზესტაფონს იცნობს, ყველას ემახსოვრება მისი სტუმართმოყვარეობა. შვეტიას ჰქონდა საქეიფოდ მოწყობილი სპეციალური აგარაკი, ეგრეთ წოდებული, შვეტიას ვილა, რომელშიც ყოველდღე იშლებოდა სუფრა.

როდესაც ბიძაჩემ ზურიკო ანჯაფარიძეს შესანიშნავ სოფელ ბუნიკაურში მივყავდით, ზესტაფონი უნდა გაგვევლო და ყველანი შეჩვეულები ვიყავით იმ აზრს, რომ გზაზე დაგხვდებოდა შვეტია და კიდევ ერთი ლამაზი ზესტაფონელი კაცი იური არაბიძე. ისინი, დაახლოებით, ისე როგორც „კავკასიელ ტყვე ქალშია“, გზაზე გადადგვიდგებოდნენ (არ ვიცი, საიდან იგებდნენ ჩვენი გეგმების შესახებ, მგონი, პროფესიონალურად და გუმანით გრძნობდნენ) და ჩვენი ჩასვლა ბუნიკაურში ერთი დღით მაინც გადაიდებოდა ხოლმე.

ზურაბ ანჯაფარიძე, დოდო ალექსიძე და ნოდარ ანდღულაძე - Sputnik საქართველო
ორი მეგობარი „ოტელო“...

ეს ყველაფერი კარგია სტუმრებისთვის, მაგრამ, სავარაუდოდ, შვეტიას ოჯახი მაინცდამაინც არ უნდა ყოფილიყო კმაყოფილი იმით, რომ მეუღლე ყოველდღე ცოტა ნასვამი ბრუნდებოდა შინ.

ჰოდა, ერთხელაც, ისედაც მორიდებული და უზომოდ ზრდილობიანი შვეტია, რომელიც რომ დალევდა, კიდევ უფრო დახვეწილი ხდებოდა,  ცოტა დარცხვენილი და საკმაოდ შეზარხოშებული ბრუნდება  შინ და… კორპუსი ერევა. ხედავს ერთ-ერთ ფანჯარაში მშვენიერი ქალბატონია გადმოყუდებული. მიუახლოვდა და ეკითხება:

„ქალბატონო, უდიდეს ბოდიშს მოვიხდი შეწუხებისთვის, მაგრამ, ხომ ვერ მეტყოდით, ამ და ამ ქუჩის მე-4 კორპუსი სად არის?“

მცირე პაუზა და ფანჯრიდან ისმის პასუხი:

„ამოდი, შვეტია, ამოდი სახლში, გაჩვენებ მე შენ ქალბატონს, ცოლი ვარ შენი!“

ისტორია მეორე — „ბედის ირონია“ ბორჯომულად

ჩვენს ოჯახს ჰყავდა შესანიშნავი მეგობარი კუკური კალმახელიძე, რომელიც ლიკანის კომპოზიტორთა სახლის დირექტორი იყო. ის ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან სტუმრად და მისი ჩამოსვლა მართლა რაღაც განუმეორებელი ხალისით ავსებდა მთელ სახლს.

© courtesy of Zurab Andzhaparidze's familyზურაბ ანჯაფარიძე, დოდო ალექსიძე და ნოდარ ანდღულაძე
ზურაბ ანჯაფარიძე, დოდო ალექსიძე და ნოდარ ანდღულაძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ანჯაფარიძე, დოდო ალექსიძე და ნოდარ ანდღულაძე

ბებია დარბოდა სამზარეულოდან „ზალაში“, სუფრა რომ გაეწყო, მე კიდევ პირდაღებული ვუსმენდი კუკურის საოცარ ამბებს.

ერთხელაც კუკურიმ ჩემი ბიძია ზურიკო  დაპატიჟა ბორჯომში, სადაც ჰქონდა ერთოთახიანი დაკეტილი ბინა. ბოლო  მომენტში რაღაცა პრობლემა შექმნია და ზურიკოს წინა ღამით დაურეკა, მე ცოტა ხნით ქალაქიდან გავდივარ, გასაღებს დავტოვებ კარის წინ, ნოხის ქვეშ, შენ შედი, მოისვენე და მეც მალე მოვალო. ზუსტი მისამართიც ჩააწერინა.

ჩავიდა ზურიკო ბორჯომში. ძალიან ადვილად იპოვნა ბინა, ნოხის ქვეშ გასაღებიც მონახა და გააღო კარი…

როგორც მერე იხსენებდა, ცოტა გაუკვირვებია ბინის ატმოსფეროს: რაღაც ძალიან ბევრი პატარ-პატარა ქანდაკებით ყოფილა მორთული კარადების თაროები და როიალი, რომელზეც შვიდი სპილოც კი ყოფილა ჩამწკრივებული ჯარისკაცებივით, და ზედმეტად ბევრი ამოქარგული გადასაფარებლებიც ელაგა.

კუკურის ვინც იცნობს, იოლად მიხვდება, რამაც გააკვირვა ზურიკო: ვიფიქრე, რას იზამ, ეტყობა, ამ მოქეიფე კაცს საკუთარი პირადი სამყარო ასეთი აქვს და არ გვიმხელსო.

შევიდა ზურიკო აბაზანაში, გამოვიდა და ჩაგორდა უზარმაზარ საწოლში. აქ კიდევ ერთხელ გაუკვირვებია ქვეშაგების ნამეტან „ყვავილიანობასა“ და „კრუჟავოებიანობას“…

ზურიკოს გაღვიძებია იმისგან, რომ თავზე ედგა საკმაოდ ტანმოსული ქალბატონი (რომელიც, როგორც მერე აღმოჩნდა, იყო შინაბერა) და ცივი ხმით კიოდა. ცოტა ხანში მილიციაც მოვიდა, ამ ქალბატონის მიერ გამოძახებული…

თურმე, ზურიკოს სახლიც შეშლია, კარიც შეშლია და ბორჯომის ერთ-ერთ ყველაზე წესიერ, გასათხოვარ ქალბატონს „შეჭრია“ შინ! ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა იმას, საკუთარ საძინებელში, საკუთარ საწოლში 130 კილოგრამიან ზურიკოს რომ დაინახავდა, რომელიც გემრიელად ხვრინავდა?! კიდევ კარგი, ბოლოს შოკში ჩავარდნილ ქალბატონს ზურიკო უცვნია.

ამასობაში კუკურისაც გაუგია ეს ამბავი და მივარდნილა „შემთხვევის ადგილზე“.

სხვათა შორის, ამ ამბის  შემდეგ ის ქალბატონი და ზურიკო დამეგობრდნენ, კუკური კი კიდევ დიდხანს იყო გაბრაზებული ზურიკოზე, ეს სპილოებიანი და გაპრანჭული ბინა ჩემი როგორ გეგონაო!

ასე რომ, კინო ხშირად ჰგავს ცხოვრებას, ცხოვრება კი — ზღაპარს. მთავარია, ჩვენ მოვინდომოთ და ვეცადოთ.

გისურვებთ წყნარ, მშვიდ, საოცრად თბილ და ბედნიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0