თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. თბილისის ქუჩებს 1-ლი იანვრიდან ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა ახალი ავტობუსები დაემატა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი სატრანსპორტო საშუალებები №51 მარშუტზე — გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოს და ვაკის ტერიტორიაზე, ბაგების სტუდქალაქამდე მოძრაობენ.
ახალი ავტობუსებით მგზავრობა სტანდარტული ფასი — 50 თეთრი ღირს.
იანვრის ბოლოდან ახალი ავტობუსები №37 ხაზზე, სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ.
ასევე, ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც, აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.
ახალი ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი. Man-ის მარკის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ავტობუსები აღჭურვილია USB-ს როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დამუხტონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები.
თბილისს აპრილში სულ 143 Man-ის ახალი ავტობუსი ეყოლება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად დიდ დიღომში 377 ავტობუსზე გათვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობაზა შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლის გაზაფხულზე შევა და ქალაქში მოძრავ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.