თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. აშშ–ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი თბილისში ჩამოვიდა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზიას“ კორესპონდენტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს–სამსახურში.
აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელ ჯონ მაკკეინს, სენატორებს – ლინდსი გრემსა და ემი კლობუშარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ–მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი აშშ–ში დავით ბაქრაძე და აშშ–ის ელჩი საქართველოში იან კელი დახვდნენ.
სენატორები უკვე იმყოფებოდნენ სოფელ ხურვალეთში და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
აშშ–ის დელეგაციას კვირას საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
ორშაბათს სენატორები შეხვდებიან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ეწვევიან საქართველო–ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს კრწანისში, ასევე ახალ წელს მიულოცავენ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს.