თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა სამ საგრანტო შეთანხმებას, რომელთა ჯამური თანხა 22,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა.
შეთანხმება მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა: „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებულებითი მართვა“ და „სტაბილურად მზარდი, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.
შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილია ქმედებები ახალი ბიზნეს-სტანდარტების დანერგვისა და სხვადასხვა სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნის, მზარდი ინტეგრაციისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
საქართველოსა და USAID-ს შორის 2015 წლის დეკემბერში ხელმოწერილი იყო საგრანტო ხელშეკრულება მსგავსი პროექტებისთვის 19,1 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ. ახლა, ახალი ხელშეკრულებების თანახმად, ამ თანხას 22,5 მლნ დოლარი დაემატება.
პროექტების რეალიზაცია 2020 წლამდე გაგრძელდება.