თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე საქართველოსთვის დაახლოებით 19,1 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
შეთანხმება ითვალისწინებს შემდეგი პროექტების განხორციელებას: „დემოკრატიული კონტროლი, ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“.
პროექტის „დემოკრატიული კონტროლი, ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები შემდეგი მიმართულებებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები; დემოკრატიული მმართველობა; სამოქალაქო საზოგადოება. პირველ ეტაპზე გრანტის სახით გამოყოფილი იქნება დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარი.
პროექტ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის“ ფარგლებში, დაგეგმილია ღონისძიებები შემდეგი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა; გარემოს დაცვა. გრანტის სახით პირველ ეტაპზე გამოიყოფა დაახლოებით 13.1 მილიონი აშშ დოლარი.
პროექტები, სავარაუდოდ, 2016-2020 წლებში განხორციელდება.