თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ეგაძეების ოჯახს ეწვივნენ და საახალწლო საჩუქრები გადასცეს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალ წელს ეგაძეების მრავალშვილიან ოჯახში სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გააგზავნეს და პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს.
პრეზიდენტის და პირველი ლედის სტუმრობა ოჯახისთვის მოულოდნელი და ძალზე ემოციური იყო.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 13 წლის მაია ეგაძე დაბადების დღეს აღნიშნავდა. პრეზიდენტმა მას დღესასწაული მიულოცა და საახალწლო სურვილი აუსრულა — ქართული ცეკვის სტუდიის ვაუჩერი გადასცა.
15 წლის მარიამ ეგაძეს კი, რომელსაც ბატუტზე ხტომაში დიდი წარმატებები აქვს, ახალგაზდული ოლიმპიადისათვის მზადებაში წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ მის ასპარეზობებს ყურადღებით მიადევნებს თვალს.
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ეგაძეების ოჯახს გამათბობელი და საახალწლო კალათა გადასცეს.