თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალ წელს ვაშლიჯვრის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ, აღნიშნულია სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
იზორიამ ახალი წელი შეიარაღებულ ძალებს პირადად მიულოცა და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმები, რომლებიც უკვე ხორციელდება ან დაგეგმილია მომავალში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური ყურადღება იგრძნოს და ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.