თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ალექსაანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და სამინისტროს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.
მან თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის, კრიტიკისთვის და მოსაზრებებისთვის.
„მიუხედავად იმისა, ემთხვეოდა თუ არა ჩვენი მოსაზრებები, მე ძალიან ბევრი ვისწავლე თქვენგან და ძალიან ბევრი გავაკეთეთ ერთად 2016 წელს“, — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, 2016 წელი გამორჩეული იყო მთელი განათლების სისტემისთვის. ჯეჯელავამ იმედი გამოთქვა, რომ 2017 წელი ბევრად ნაყოფიერი იქნება.
მან ქართველ ხალხს, პირველ რიგში, განათლება უსურვა, შემდეგ ხვავი, ბარაქა და მშვიდობიან ქვეყანაში ცოვრება.
„განათლება არ არის მხოლოდ სწავლა. საქართველოში განათლება სინათლესთან ასოცირდება. მე მინდა თითოეულ ქრთველს მეტი სულიერი სინათლე გისურვოთ“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა მოსწავლეებს ნაყოფიერი დასვენებისკენ მოუწოდა, კარგად მოიკრიფონ ძალები, რათა ცვლილებებსა და მნიშვნელოვან სიახლეებს შემართებით შეხვდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღისა და სკოლის მასწავლებლებს, ასევე ტრენერებს, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს, პროფესორ–მასწავლებლებს იმ გმირობისთვის, რასაც პედაგოგობა ჰქვია.
„თქვენ ხართ გმირები. გმირობაა სამშობლოს სამსახური, გმირობაა მომავალი თაობის სამსახური“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.
მინისტრმა არც ხანდაზმული და დამსახურებული პედაგოგები დაივიწყა. მათ მადლობა გადაუხადა არაერთი თაობის აღზრდისთვის.