2016 წელს მომხდარი სახალისო ამბები პოლიტიკაში და არა მხოლოდ

CC BY 2.0 / Rachael / Laughing dogგაცინებული ძაღლი
გაცინებული ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწურული 2016 წელი მდიდარი იყო არამარტო პოლიტიკური, სპორტული ან კულტურული მოვლენებით, არამედ ისეთებითაც, რომლებიც კიდევ დიდხანს გაგვახსენდება ღიმილით.

ხუმრობისა და  სიცილისთვის ყველაზე მეტ საფუძველს საქართველოში პოლიტიკოსები იძლევიან, რომელთა გამონათქვამებს მაშინვე იტაცებენ, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ და სასაცილო, „დაფოტოშოფებულ“ სურათებსაც ურთავენ.

"Sputnik-საქართველო" 2016 წლის ყველაზე სასაცილო მოვლენებს შეგახსენებთ.

სელფი ძროხასთან

სოფელ ქვედა ჭალოვანის მესვეურმა სოფლის მცხოვრებლებს შესთავაზა, ძროხებთან, ქათმებთან და ღორებთან ერთად სურათები გადაეღოთ და მერე ეს ფოტოები საკუთარი კარმიდამოს ღობეებზე გამოეკრათ. გამგეობაში განაცხადეს, ამ გზით სოფლის მოსახლეობა სახელმწიფოს დაუმტკიცებს, რომ ნამდვილად ჰყავთ ფრინველ-საქონელი და სოციალურ შეღავათებსა და დახმარებებს მიიღებენო.

ძროხები - Sputnik საქართველო
სელფი ძროხასთან, ანუ როგორ მივიღოთ საქართველოში სოციალური დახმარება

სოფლის გამგეობის ქმედებაზე ბოდიშის მოხდა ჭიათურის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს მოუწიათ. მათ მოსახლეობას განუმარტეს, რომ არანაირი სელფის გადაღება საჭირო არ იყო და ამ ინიციატივის ავტორის დასჯის პირობაც დადეს.

პასპორტები ღორებისთვის

წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შინაური ცხოვრების მოშენების წესების შესახებ დოკუმენტი შეიტანა. ეს, თითქოს, ჩვეულებრივი წესებია: ყველა ღორს ყურზე დანომრილი ნიშანი, ანუ პასპორტი უნდა ჰქონდეს, რომელიც დაადასტურებს, რომ ღორი კონკრეტულ მეპატრონეს ეკუთნის.

დოკუმენტი საყოველთაო ხუმრობის საგნად იქცა.

„ღორს რათ უნდა პასპორტი?! რა, დაბადების დღე გადავუხადო?“ —  ხუმრობდნენ ფერმერები.

ზაქარია ქუცნაშვილმა კი პრობლემა ასე გადაჭრა:

„ჩემი რჩევაა, დაკალით ღორი საახალწლოდ და მას არც პასპორტი დასჭირდება, არც სხვა საბუთები“.

მეტრო ახმეტაში

სოციალური ქსელები ააფეთქა ახმეტის რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილებმა. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მეტროპოლიტენის სადგურებისთვის სახელების მინიჭების წესებს — მეტროპოლიტენისა, რომელიც არასდროს ყოფილა თბილისს მიღმა არცერთ რაიონში, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, არც ახმეტაში.

„ისტორიული“ გადაწყვეტილება საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც ხელი თავმჯდომარემ მოაწერა და ის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზეც კი გამოქვეყნდა.

სოციალურ ქსელებში ამასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჩნდა, მაგრამ დადგენილების მიღების მიზეზი ფრიად მარტივი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ დეპუტატებს დოკუმენტის ტექსტი წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, ისე დაამტკიცეს.

სკანდალური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეპუტატებს შვებულებებიდან სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოუწიათ, რათა, ბოლოს და ბოლოს, დაედგინათ, იყო თუ არა ახმეტაში მეტრო. 

ჰოდა, გადაწყდა, რომ ახმეტაში მეტროპოლიტენი არ არსებობს!

პარლამენტშიც ისე, როგორც ტყეში

„თავი გამოიჩინა“ პარლამენტის ახალგამომცხვარმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმაც.

„პარლამენტის პირველმა სხდომამ ის დრო გამახსენა, ტყეში რომ წამიყვანეს პირველად. თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მერე ნელ-ნელა ყველაფერი ავითვისე და ახლა ტყეში თავს კარგად ვგრძნობ. პარლამენტში ისე რომ ვიგრძნობ თავს, როგორც ტყეში, მაშინ უკვე მთლად კარგად იქნება ყველაფერი“, — განაცხადა კვიციანმა.

მაგრამ ორი თვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საკანონმდებლო ორგანო დეპუტატისთვის ვერა და ვერ იქცა ტყედ: საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვი რეზერვუარში აერია, ხოლო აზიის განვითარების ბანკის მიერ გაცემული კრედიტები პირდაპირ აზიას მიაწერა. 

შემწვარი წიწილები თუ ეგზიტპოლები?

არანაკლებ გაამხიარულა საქართველოს მოსახლეობა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმაც. არჩევნების წინ მას სოციოლოგიური კვლევების კომპანია GfK სწარფი კვების რესტორნების ქსელ KFC-ში აერია.

„გავიგე, რომ KFC სრულიად არაკომპეტენტური და მატყუარა ორგანიზაციაა. რომ იცოდეთ, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ქათმის ფრთებს ყიდის მსოფლიოში… ამიტომ ნუ დაუჯერებთ ნურავითარ კვლევებსა და ეგზიტპოლებს…“, — მოუწოდა თარხან-მოურავმა მოსახლეობას ტელევიზიით.

მხიარული არჩევნები

თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ოპერის თეატრად იქცა — უბნის დამკვირვებელმა ფილმ „რომეო და ჯულიეტადან“ სიმღერა შეასრულა, ხოლო რუსთავში ხმის მისაცემად მექორწილეები — თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალი და გამოპრანჭული სიძე გამოცხადდნენ.

ქალაქ გორში დამკვირვებლის როლი ბუმ იკისრა — საარჩევნო უბანში  შეფრინდა და ფანჯრის რაფაზე დასკუპდა, თბილისში კი კომისიის ერთ-ერთ წევრს წითელი ვარდების თაიგული პირდაპირ უბანზე მიართვეს.

არჩევნებისას ყველაზე პოპულარული მომენტი — ეს თეთრწყაროში მომხდარი ამბავი იყო: სოფელ ჯორჯიაშვილში ამომრჩეველმა და საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შალახო იცეკვეს.

ყველა ახალი ამბავი
0