სელფი ძროხასთან, ანუ როგორ მივიღოთ საქართველოში სოციალური დახმარება

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ქვედა ჭალოვანში განცხადება გამოჩნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალური დახმარების მიღების ერთ-ერთი პირობა ძროხასთან სელფია.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ჭიათურის რაიონის გამგეობის ინიციატივა ძროხებთან ან ქათმებთან ერთად სელფის გადაღების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ვნებათაღელვისა და სოციალურ ქსელში ხუმრობის საგანი გახდა.

სოფელ ქვედა ჭალოვანის ერთ-ერთი მკვიდრის ეზოს ღობეზე სოციალური დახმარების მიღების პირობების შემცველი განცხადება გამოჩნდა, რომელიც მაღალმთიანი სოფლებისთვისაა გათვალისწინებული. სოფელმა ახალი სტატუსი სულ ახლახან მიიღო.

განცხადება შეიცავს შვიდი პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტების ჩამონათვალს. მეოთხე პუნქტში წერია: „4. საოჯახო მეურნეობის ფოტო (ფოტო უნდა გადაიღოთ ძროხასთან, მდელოზე, ზვინთან, ქათმებთან). ფოტო დამოწმებული უნდა იყოს სოფლის წარმომადგენლის მიერ“.

„ისინი ჩვენ დაგვცინიან. ისინი ძროხებთან და ქათმებთან ფოტოების გადაღებაზე საუბრობენ. მე სურათს არ გადავიღებ. თუ უნდათ, ამის გარეშე დაგვეხმარონ“, — განაცხადა ქვედა ჭალოვანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მერი ხვედელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჭიათურის გამგეობაში განმარტეს, ყოველივე კეთდება იმისთვის, რათა დადასტურდეს, რომ ადგილობრივებს ნამდვილად აქვთ საოჯახო მეურნეობა.

მაღალმთიანი რეგიონი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონი მიიღო

„ჩვენ გამგეობამ დაგვავალა. დავალება ხელმძღვანელობისგან მოდის“, — განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარინა მჭედლიძემ.

საქართველოში 2016 წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.

კანონის თანახმად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველი ან მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფოსგან წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის დახმარებას მიიღებენ. მესამე და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში დახმარების მოცულობა ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარი იქნება.

ასევე, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფიზიკური პირები საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან, მეწარმეები კი ქონებისა და მოგების გადასახადისგან. მათთვის პენსიისა და სოციალური პაკეტის ყოველთვიური შემწეობა 20%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, სახელმწიფო მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის 50%-ს უნაზღაურებს.

35%-ით გაიზარდა საჯარო სკოლებში პედაგოგების საბაზისო ხელფასი, ხოლო სპეციალურ პროგრამებში მონაწილე პედაგოგებისთვის ხელფასი 50%-ით გაიზარდა.
სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმი სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობის, ხოლო ექთანი პენსიის ერთმაგი ოდენობის (180 ლარი) ყოველთვიურ დანამატს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0