საქართველოს პარლამენტმა ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონი მიიღო

© photo: Sputnik / Dadvadze / გადასვლა მედიაბანკშიმაღალმთიანი რეგიონი
მაღალმთიანი რეგიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა მესამე მოსმენით კანონის მიღებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს, 16 ივლისს ახალი კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა მესამე მოსმენით კანონის მიღებას მხარი ერთხმად დაუჭირა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ახალი კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, მაგრამ მანამდე მას ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს. ახალი კანონი ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”  მიმართულია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ცხოვრების დონის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალურ– ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 

კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში პენსიონერები მიიღებენ 20 %–ით გაზრდილ პენსიას. გარდა ამისა, ოჯახი ახალდაბადებული პირველ და მეორე შვილზე მიიღებს 100-ლარიან (დაახლოებით 44,2 აშშ დოლარი) დახმარებას 1 წლის განმავლობაში, ხოლო მესამე შვილზე და შემდგომ – 200-ლარიან (დაახლოებით 88,4 აშშ დოლარი) დახმარებას 2 წლის განმავლობაში. ასევე გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები ”მაღალმთიანი დასახლებების საწარმოებისთვის”.

კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და ზევით მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.

რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, ასეთებად ჩაითვლებიან ისინი, რომლებიც წელიწადში მინიმუმ ცხრა თვე ადგილზე ცხოვრობენ და შესაბამისი რეგისტრაცია აქვთ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0