საქართველოს სასამართლოებში საქმეებს კომპიუტერი გაანაწილებს

CC BY 2.0 / Blogtrepreneur / Legal Gavel & Closed Law Bookმოსამართლის ატრიბუტიკა
მოსამართლის ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების შემოღებით საქართველოს ხელისუფლება სასამართლო სისტემისთვის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას გეგმავს, ოპოზიცია კი ამას სასამართლოზე ზეწოლად აღიქვამს.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან ყველა სასამართლოში საქმეები ელექტრონულად განაწილდება.

საქართველოს სასამართლოების ერთ ნაწილში საქმეების ელექტრონული განაწილების საპილოტე პროგრამა უკვე მოქმედებს, დანარჩენში კი ეს სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენციაა.

კანონპროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
სასამართლო რეფორმა - ყოფნა, არ ყოფნა...

საქმეთა ელექტრონული განაწილების გარდა, პარლამენტმა ასევე მიიღო შესწორებები, რომელთა თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16 მოსამართლით განისაზღვრა. აქამდე მათ რაოდენობას პლენუმი ადგენდა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს უმაღლეს და სააპელაციო სასამართლოებში ასევე გადანაწილდა სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეების უფლებამოსილებები. ამიერიდან ისინი სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეობას ვეღარ შეძლებენ.

გარდა ამისა, საქართველოს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭებათ იუსტიციის სკოლადამთავრებულებსა და ასევე იმ პირებს, რომლებიც „კეთილსინდისიერებისა და რეპუტაციის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი სასამართლო სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემაზე გადასვლა სასამართლოებს უფრო დამოუკიდებელს გახდის და მათ ადამიანური ფაქტორისგან გაათავისუფლებს.

საპარლამენტო უმცირესობა საქმეთა ელექტრონული განაწილების წინააღმდეგია და ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლის გაძლიერებაში ადანაშაულებს. მათ არასწორად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ საქმეთა განაწილების პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა, რითიც ის, ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოებში საქმეების განაწილებაზე ზეწოლის მოხდენას შეძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0