თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. პოლიცია ოდესის ოლქის ოვიდიოპოლის დასახლების მკვიდრს ეძებს, რომელიც ოდესაში ხალხის მასაში შეჭრას აპირებდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინის ეროვნული პოლიციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
პოლიციის ცნობით, გუშინ ოდესის ოლქის ოვიდიოპოლის დასახლებაში ორმაგი მკვლელობა მოხდა — ბოროტმოქმედმა ორ სახლს ცეცხლი წაუკიდა და ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განხორციელებას ცდილობდა, რომელსაც დიდი მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა. „ამისათვის მან სატვირთო ავტომობილი გაიტაცა და ხალხის დიდ მასაში შეჭრას აპირებდა“, — იუწყება პოლიცია.
„ამჟამად გადაუდებელი სამძებრო ღონისძიებები ტარდება. ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ჩართულია ეროვნული გვარდია, უკრაინის უშიშროების საბჭო“, — აცხადებს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი გოლოვინი.
პოლიციის მონაცემებით, ბოროტმოქმედი ოდესაში ხალხის დიდ მასაში შეჭრას გეგმავდა. ჩანაფიქრის განსახორციელებლად, ოვიდიოპოლში ქალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ ის სატვირთოში ჩაჯდა და საოლქო ცენტრის მიმართულებით გაემგზავრა, ტრასაზე გადაადგილებისას მოხდინა ავარია და მოძრაობა გააგრძელა, იუწყებიან პოლიციაში.
პოლიციელებმა ოდესაში ყველა შესასვლელი გადაკეტეს, ბოროტმოქმედს აედევნენ და მას მარშრუტის შეცვლა და საოლქო ცენტრიდან შორს წასვლა აიძულეს. პოლიციის ცნობით, მან გზიდან მინდორზე გადაუხვია და რაღაც პერიოდით პოლიცია მას ჩამორჩა. შემდეგ სატვირთო მინდორში გაიჭედა, ბოროტმოქმედმა ის მიატოვა და გაიქცა.
პერიმეტრს, სადაც დამნაშავე შეამჩნიეს, პოლიცია აკონტროლებს. ადგილზე ჩართულია კინოლოგები, სპეცდანიშნულების პოლიციელები და უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები.
სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
პოლიციის მონაცემებით, ბოროტმოქმედი შესაძლოა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით იყოს შეიარაღებული, მისი ადგილსამყოფელის დადგენის შემთხვევაში მოსახლეობას მოუწოდებენ პოლიციის სპეცხაზზე „102“ დარეკონ.