თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ბერლინის ცენტრში მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილი შეიჭრა და ხალხს გადაუარა. შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 48 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, საჭესთან, სავარაუდოდ, იჯდა ლტოლვილი ავღანეთიდან ან პაკისტანიდან, ხოლო გვერდით — პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ამ ავტომობილის მძღოლად მუშაობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სატვირთოს მძღოლი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ, ბერლინის პოლიციის მონაცემებით, ის დააკავეს. კაბინაში მყოფი მეორე ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლების მონაცემებით, ბევრი რამ მიუთითებს, რომ ეს ტერაქტი იყო. გამოძიებას ბერლინის პოლიცია აწარმოებს, საქმე კონტროლზე აქვს აყვანილი გერმანიის გენერალურ პროკურატურას, იუწყება იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი.
LATEST — Truck runs into crowded Christmas market in Berlin, terror attack suspected https://t.co/6yLrl4ce27 pic.twitter.com/zNcjGEEQGq
— DAILY SABAH (@DailySabah) 19 декабря 2016 г.
თვითმხილველების მონაცემებით, მუქი ფერის სატვირთო ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე დაახლოებით 20:00 საათზე შეიჭრა.
ავტომანქანა ხალხს დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე ჭყლეტდა, აბრუნებდა პავილიონებს და ანგრევდა დახლებს. მეზობელ ქუჩაზე გასვლისას ის გაჩერდა; მძღოლი კაბინიდან გადმოხტა. თვითმხილველების განცხადებით, მას ნიღაბი ეკეთა, რომელიც მოიხსნა და ხალხის ჯგუფთან ერთად სადგურის მხარეს გაიქცა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის, მაშველებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ, უახლოესი ქუჩები მთლიანად გადაკეტეს. დაშავებულებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით დიდი თეთრი კარავი გაიშალა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ დაშავებულთა შორის ბევრი ტურისტია, მათი მოქალაქეობა ჯერ კიდევ დგინდება.
თავდასხმის მოტივები უცნობია. როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას მეზიერმა განაცხადა, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტერაქტი იყო.
ბერლინის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომას ნოიენდროფმა განაცხადა, რომ სავარაუდო ბოროტმოქმედი სწრაფად შედგენილი ფოტორობოტის დახმარებით დააკავეს. ის ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე ასულ მეტრში იმყოფებოდა.
გერმანული საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, დაკავებული მძღოლი, შესაძლოა, ავღანელი ან პაკისტანელი ლტოლვილი იყოს.
დაღუპული მგზავრი კი პოლონელი იყო და მანქანასაც პოლონეთის ნომრები ჰქონდა.
მომხდარის შემდეგ ბერლინის პოლიციამ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. თუმცა შემდეგ სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქის ცენტრში საფრთხე აღარ არსებობს.
ბერლინში მომხდარ მოვლენებს მრავალი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა გერმანიას დახმარება შესთავაზეს.