თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სწავლულები UTC (მსოფლიო კოორდინირებული დრო) დროით 2016 წლის 31 დეკემბრის ბოლო წუთს ერთ წამს დაამატებენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ „დედამიწის ბრუნვის საერთაშორისო სამსახურის“ (IERS) ბიულეტენზე დაყრდნობით.
ეგრეთ წოდებულ საკოორდინაციო, ანუ ნაკიან წამს მსოფლიო კოორდინირებული დროისა და UT1 შკალის (უნივერსალური დრო) ერთმანეთთან შესაბამისობაში მოსაყვანად შემოიღებენ.
დედამიწის ბრუნვის შენელების გამო დღე-ღამის საყოველთაოდ მიღებულ და რეალურ ხანგრძლივობებს შორის სხვაობა იზრდება.
„დადებითი საკოორდინაციო წამი 2016 წლის დეკემბრის ბოლოს იქნება შემოღებული. მსოფლიო კოორდინირებული დროის, UTC-ს მიხედვით თარიღების თანმიმდევრობა წამებში ასეთი იქნება: 2016 წლის 31 დეკემბერი — 23.59.59; 2016 წლის 31 დეკემბერი — 23.59.60; 2017 წლის 1 იანვარი — 0.00.00“, — ნათქვამია IERS-ის პუბლიკაციაში.
როგორც IERS აღნიშნავს, საკოორდინაციო წამების შემოღება შესაძლებელია ივნისის ან დეკემბრის ბოლოს. აღნიშნული სამსახური ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რის შესახებაც ინფორმაციას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებენ.
მეცნიერები წელიწადს თითო წამს უკვე რამდენიმე წელია ამატებენ. უკანასკნელად ეს 2015 წლის 30 ივნისს მოხდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შენელება ასეთივე დარჩება, როგორიც ახლაა, ყოველწლიურად დამატებული წამების რაოდენობა გაიზრდება. მაგალითად, XXII საუკუნეში თითო წელს უკვე არა ერთი, არამედ ორ-ორი წამი დაემატება.