ძალიან ბევრ დედისერთას სწყდება გული, რომ მშობლებმა, მიზეზთა გამო, და ან ძმა არ „აჩუქეს“.
მათ, ვინც ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, განსაკუთრებით მომხიბლავად საკუთარი ასლის — ტყუპი დის ან ძმის ყოლა ესახებათ, ისეთისა, ვისთან ერთადაც მხოლოდ „ეშმაკობებს“ კი არ მოაწყობდა, არამედ ვინც უთქმელად, შორ მანძილზე მყოფიც კი იგრძნობდა მის ტკივილსა თუ სიხარულს, წარმატებასა თუ წარუმატებლობას, კარგად თუ ავად ყოფნას.
ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ასეთ დედმამიშვილებს შორის ერთგვარად ზებუნებრივი, უხილავი და აუხსნელი კავშირი არსებობს, მაგრამ არის კიდევ ბევრი სხვა ნიუანსიც, რომლებიც, შესაძლოა, არც იცოდეთ.
ასე მაგალითად:
• ტყუპების დაბადებას მხოლოდ გენეტიკა არ განაპირობებს. ყველაზე ხშირად ტყუპები 30 წელს გადაცილებულ ქალებს უჩნდებათ, თუ ეს მათთვის პირველი მშობიარობაა.
• ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეის მონაცემებით, გასული საუკუნის 80-იან წლებთან შედარებით, 75%-ით მეტი ტყუპი იბადება.
• მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტყუპებზე ორსულობა ქალს 9 თვე და 3 დღე უგრძელდება.
• ტყუპების მეოთხედი ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლია. მაგალითად, თუ ერთს მარცხენა ლოყაზე აქვს ხალი, მეორეს ის მარჯვენაზე ექნება. უფრო მეტიც, შესაძლოა ერთი ცაცია იყოს, მეორე კი — „მემარჯვენე“.
• ტყუპებს ერთმანეთისა დაბადების მომენტიდან ესმით. მათ, ასე ვთქვათ, საკუთარი ენა აქვთ, რომელსაც დედაც კი ვერ უგებს ვერაფერს.
• ტყუპებს თითების განსხვავებული ანაბეჭდები აქვთ, დნმ კი — ერთნაირი.