თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გაერო არ იყენებს საკუთარ პოტენციალს და პრობლემებს კი არ ჭრის, არამედ აჩენს მათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ამერიკულ მასმედიაზე დაყრდნობით.
„[გაეროს] ასეთი გრანდიოზული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ არ იყენებს. ხედავთ, რომ გაერო პრობლემებს წყვეტდეს? არ წყვეტს. ის მათ აჩენს. თუ გამოიყენებს პოტენციალს, შესანიშნავი იქნება, თუ არა — ეს ფულისა და დროის ფუჭი ხარჯვა გამოვა“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის გამოსვლა ტელეარხ CNN-ით გადაიცემოდა.
მანამდე დონალდ ტრამპმა ერთხელ უკვე გამოთქვა სინანული გაეროს არაეფექტური მუშაობის თაობაზე და „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა, რომ „გაერო ახლა მხოლოდ კლუბია, სადაც ადამიანები სალაპარაკოდ და დროის გასატარებლად იკრიბებიან, რაც სამწუხაროა“. 28 დეკემბერს კი ახალი ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ისრაელს სიმტკიცისკენ მოუწოდებს და წერს, რომ 20 იანვარი მალე მოვა.
not anymore. The beginning of the end was the horrible Iran deal, and now this (U.N.)! Stay strong Israel, January 20th is fast approaching!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 28, 2016
გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობა დაგმო, შეერთებულმა შტატებმა ეს რეზოლუცია არ დაბლოკა, ხოლო კენჭისყრისას თავი შეიკავა. ამის გამო დონალდ ტრამპმა და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკეს.