საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილია

© ФФГთორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთის ნაკრების კარში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „კრასნოდარის“ შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფეხბურთისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა.

ოქრიაშვილის გარდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოდნენ მცველი გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ნახევარმცველი ვაკო გვილია („ბატე“, ბელარუსი) და ნახევარმცველი ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი).

ოქრიაშვილს პრიზი გადასცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, რომელიც თავად სამგზის აღიარეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.

ოქრიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას ხმა მისცა. მან გასული წელი დადებითად შეაფასა, თუმცა თავისი თამაშით ნახევარმცველი ბოლომდე კმაყოფილი არ არის: „ძალიან გახარებული ვარ და დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ჯილდოსთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა. მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2017 წელი. ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით. 2016 წელს რაც შეეხება, წარმატებული არ იყო, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ რაღაც კარგიც იყო და ცუდიც”.

ამ სეზონში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოქრიაშვილმა რვა მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი ორია: ივნისში მადრიდში ესპანეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გატანილი გამარჯვების გოლი და კარდიფში უელსის ნაკრების კარში გატანილი გოლი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს.

გარდა ამისა, დასამახსოვრებელია „ზენიტის“ კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი, რომელმაც „კრასნოდარს“ რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მოგება მოუტანა.

რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის შედეგების მიხედვით, ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი საუკეთესო გოლების სამეულში მოხვდა და, რა თქმა უნდა, 2016/2017 სეზონის რუსეთის  პრემიერ-ლიგის ყველაზე ლამაზი გოლის პრეტენდენტი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0