„ქალთა საბჭოს“ საქმიანობა და ქართველი ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები სტოკჰოლმიდან

,,ქალთა საბჭო“ სტიქიით დაზარალებულებისთვის
გამოწერა
საქართველოში იმ ორგანიზაციათა რიცხვში, რომლებიც ძალიან საჭირო და სასიკეთო საქმეს არა ფორმალურად, არამედ რეალურად აკეთებენ, უდავოდ შედის ორგანიზაცია „ქალთა საბჭო“, რომელიც ჩვენთან 1945 წლიდან მოქმედებს და რომლის დამფუძნებელიც აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილია.

ამჟამად ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონი მზექალა შანიძეა. ორგანიზაციას წარმომადგენლობები 12 ქვეყანაში ჰყავს, მათ რიცხვს არც ისე დიდი ხანია შვედეთიც მიემატა. ჩვენ „ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ქალბატონ ქეთევან გაბრუაშვილს დავუკავშირდით.

– ქალბატონო ქეთევან, თქვენი ორგანიზაცია არსებობის შვიდ ათეულ წელზე მეტს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში მას არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, ხომ ვერ გაიხსენებდით მათ?

— დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია აპოლიტიკური და ჰუმანური მიმართულებისაა. ჩვენ არანაირი საშემოსავლო წყარო არ გვაქვს და მხოლოდ შემოწირულობებით ვარსებობთ. „ქალთა საბჭოს“ რეგიონული წარმომადგენლები მთელ საქართველოშია. თბილისში ვინც მუდმივად ვაქტიურობთ, 200 ქალი ვართ. ჩვენთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თანამშრომლობენ. ჩვენი საქმიანობის მიმართულება ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივია. პრიორიტეტად მაღალმთიანი სოფლების დახმარება ავიღეთ. განხორციელებული გვაქვს სამი-ოთხი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორისაა პროექტი ქალთა ძალადობის შესახებ, რომელიც გასულ წელს, ნოემბრის თვეში დაიწყო. წელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა ორკვირიანი პროექტი, რაც გავაცანით რეგიონებსაც, სადაც იურიდიული და ფსიქოლოგიური კაბინეტები ავამუშავეთ.

– სამომავლოდ პროექტის განხორცილებას უკრაინასთან გეგმავთ…

— დიახ, ამ პროექტის თაობაზე მემორანდუმი უკრაინასთან ჯერ არ გაგვიფორმებია. არის ასეთი ჟურნალი „ქალი და ბიზნესი“, რომელსაც ჩვენთან უკრაინელი დეპუტატი ჰყავდა ჩამოყვანილი და ჩატარდა აქცია სახელად „არა ომს, ჩვენ მშვიდობა გვინდა“, რომლის ფარგლებშიც თბილისელ და უკრაინელ ბავშვებთან ერთად მშვიდობის ხიდზე ფლეშ-მობი გავმართეთ. ჩვენ გვაქვს პლაკატი, სადაც ამ აქციის ყველა მონაწილის ხელმოწერა დავიტანეთ. ამ კურსით მუშაობას მომავალშიც ვაგრძელებთ. ამას გარდა, ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით უფასო სამედიცინო გამოკვლევებიც ტარდება.

– ორგანიზაციის მუშაობაში ქართული ემიგრაცია აქტიურადაა ჩართული, ახლახან შვედეთშიც გაიხსნა თქვენი წარმომადგენლობა და, როგორც შევიტყვე, იქაური ემიგრანტები საახალწლოდ ქართველი ბავშვების დახმარებას აპირებენ…

— თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც შვედეთში ქართული ბიბლიოთეკის გახსნას ეხებოდა, შვედური და ქართული კულტურაც იყო წარმოდგენილი. სტოკჰოლმში მცხოვრებმა ემიგრანტებმა და ამავდროულად „ქალთა საბჭოს“ წარმომადგენლობის წევრებმა, საქართველოში გადმოაგზავნეს გარკვეული თანხაც, რაც რამდენიმე მაღალმთიან სოფელში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაიგზავნა. ამჯერად დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში სტოკჰოლმიდან უნდა ჩამოვიდეს ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელსაც დედა ბარბარეს ოჯახისთვის საჩუქრები და ტკბილეული ჩამოაქვს. დედა ბარბარეს, რომელსაც 25 ბავშვი ჰყავს, სალონიკიდან ჩვენმა ემიგრანტებმა ტკბილეული და ნაძვის ხე თავისი სათამაშოებით უკვე გამოუგზავნეს. წელს ისინი საჩუქრებს სტოკჰოლმიდან მიიღებენ. ასევე თანხის გარკვეული ნაწილი იტალიის წარმომადგენლობამაც გადმორიცხა. იანვრისთვის ალბათ ისინიც ჩამოვლენ და საშუალება გვექნება, სოციალურად დაუცველ ოჯახებს მათ მიერ ჩამოტანილი საჩუქრებიც დავურიგოთ. სხვათა შორის, ჩვენი წარმომადგენლობა საინგილოშიცაა და ჩვენ იქ მცხოვრებ შშმ პირს მაზია ზურაბიშვილს, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით შვედეთში მცხოვრებ ქეთევან ბაღათურიას, რომელიც სტოკჰოლმში ქართული ბიბლიოთეკის დამფუძნებელი და ორგანიზაცია „დეიზის“ თავმჯდომარეა.

— ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია „დეიზიმ“ 3 დეკემბერს ქალაქ სტოკჰოლმში ქართული ბიბლიოთეკა ოფიციალურად გახსნა. ამ დღის მნიშვნელოვნების შესახებ მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტოკჰოლმში, ბატონი მალხაზ კაკაბაძე და საელჩოს სრული შემადგენლობა, მოქმედი ქართული ეკლესიის მოძღვარი მამა შიო. ჩართვები განხორციელდა საქართველოდან, საიდანაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს „ქალთა საბჭოს“ თავჯდომარემ, აკადემიკოსმა, ქალბატონმა მზექალა შანიძემ, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ქეთევან გაბრუაშვილმა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ბატონმა გიორგი კეკელიძემ და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებმა. ამისთვის მათ კიდევ ერთხელ მოვახსენებ უღრმეს მადლობას. ასევე განსაკუთრებული მადლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან კობახიძეს, რომელმაც სტოკჰოლმში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას უნიკალური სამუზეუმო დოკუმენტები მოაწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0