თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ და „გაზპრომმა“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ საბოლოო შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს და მოლაპარაკებები გაგრძელდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
ქართულ მხარესა და რუსული კომპანიების „გაზპრომ-ექსპორტისა“ და „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მინსკში 23-24 დეკემბერს გაიმართა. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება ყოველწლიურად ახლდება. მოქმედი შეთანხმების მოქმედების ვადა 31 დეკემბერს იწურება.
კალაძის განცხადებით, მოლაპარაკებები იმისთვის მიმდინარეობს, რათა 1-ლი იანვრიდან უკვე ახალი შეთანხმება შედგეს, რომლის ფარგლებში უნდა განისაზღვროს — მხარეები ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადავლენ თუ მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში დარჩებიან, და შეძლებს თუ არა საქართველო ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიღებას.
„ჩვენ ძალიან მარტივი პოზიცია გვაქვს. ფულად ანაზღაურებაზე გადასვლის შემთხვევაში ფინანსურად იგივე შედეგი უნდა მივიღოთ, რომელსაც დღევანდელი კონტრაქტით ვიღებთ“, — განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
შეთანხმება საქართველოსა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის 2016 წლის ბოლომდე მოქმედებს და სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ეხება. სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს იღებს.
წინა დოკუმენტი 2016 წლის აპრილში, ბოლო შეთანხმების ვადის გასვლიდან ორ თვეში გაფორმდა. მოლაპარაკებები იმის გამო გაჭიანურდა, რომ „გაზპრომი“ ითხოვდა უფლებას, ტრანზიტის საფასური არა ბუნებრივი აირით, არამედ ფულის სახით გადაეხადა.
საქართველო რუსულ გაზს 2007 წლიდან აღარ ყიდულობს. გაზის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია, რომელიც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მოწოდების მოცულობის გაზრდას დათანხმდა.