ჯანელიძე: 2016 წელი საქართველოსთვის დიპლომატიის კუთხით წარმატებული იყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშები
საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხში მნიშვნელოვანი წინსვლა აღნიშნა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2016 წლის პერიოდში უწყების საქმიანობის შედეგების შეჯამებისას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს.

„2016 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქართული დიპლომატიისთვის, საგარეო პოლიტიკისთვის. პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 2016 წელი შევა ისტორიაში როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი ეტაპი. ივლისში სრულად შევიდა ძალაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, — განაცხადა ჯანელიძემ. 

განსაკუთრებული პროგრესი მიღწეულია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გზაზე, აღნიშნა მინისტრმა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე მოკლე ვადებში შეასრულა საშინაო დავალება, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად იყო საჭირო, ანუ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის (VLAP) გეგმა ჩვენ სხვებზე სწრაფად შევასრულეთ“, — განაცხადა ჯანელიძემ.  

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ჯანელიძე ევროკავშირთან ვიზების გაუქმების თარიღის გამოცხადების წინააღმდეგია

ამასთან მან მიუთითა, რომ საქართველომ აღნიშნული გეგმა სხვა ქვეყნებზე გვიან მიიღო.

„სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, უკრაინამ და მოლდოვამაც ეს გეგმა ბევრად ადრე მიიღეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს გეგმა 2013 წლის დასაწყისში მივიღეთ, ის რეკორდულ დროში შევასრულეთ“, — განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ 2017 წლის დასაწყისში ევროპული სტრუქტურები ყველა იმ პროცედურას დაასრულებენ, რომლებიც საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის არის საჭირო.

ევროკავშირის პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას ვარაუდობს.

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

2016 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად საქართველოსთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

ექსპერტთა პროგნოზებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში.

ყველა ახალი ამბავი
0