თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ლევან ფანცულაიამ დოჰაში სწრაფ და ბლიც–ჭადრაკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდი წარუმატებლად ჩაატარა და ლიდერთა სამეული დატოვა, აღნიშნულია ტურნირის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
რაუნდი ხუთი პარტიისგან შედგება. ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან ფანცულაიამ ორჯერ ყაიმი ითამაშა, ორჯერ წააგო და მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა მალაიზიელ ნაკამურა ხიკარუსთან შეხვედრის დროს. ასეთმა შედეგმა ქართველი მოჭადრაკე, რომელსაც აქტივში 6 ქულა აქვს, 21-ე ადგილზე გადასწია.
მეორე ტურში ფანცულაია სენსაციის ავტორი გახდა, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი დაამარცხა.
ფანცულაიას გარდა მსოფლიო ჩემპიონატში კიდევ სამი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს: მიხეილ მჭედლიშვილი (65-ე ადგილი ათი პარტიის შემდეგ), ბაადურ ჯობავა (73-ე) და გიგა ყუფარაძე (75-ე).
ამჟამად ტურნირის ლიდერია უკრაინის წარმომადგენელი ვასილი ივანჩუკი, რომელმაც 8 ქულა დააგროვა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 400 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 40 ათას დოლარს მიიღებს.