ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. სტრატეგიული გეგმა განათლების ყველა სფეროს მოიცავს.
პროფესიული განათლება
პროფესიული კოლეჯები ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს შესთავაზებენ, მათ შორის დუალურ პროფესიულ განათლებას, რომელიც სამსახურისა და სწავლის შეთავსების საშუალებას იძლევა. დუალური სისტემით სწავლების დიდი ნაწილი საწარმოებში განხორციელდება, მოსწავლეები მინიმალურ ხელფასს მიიღებენ. პროცესში დამსაქმებლებიც არიან ჩართული.
ამჟამად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 37 პროფესიული სასწავლებელი და 10 ფილიალი ფუნქციონირებს. 2017 წელს დაგეგმილია კიდევ ორი ფილიალის გახსნა — ხობში და სტეფანწმინდაში.
მინისტრის თქმით, დაიხვეწება კანონმდებლობა და სტუდენტი, რომელიც პროფესიული კოლეჯის დიპლომს მიიღებს, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩაბარების უფლებას მიიღებს.
უმაღლესი განათლება
ეკონომიკასა და განათლებას შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად სახელმწიფო სტუდენტებს უმაღლეს განათლებას შესთავაზებს, რომელიც დასაქმებასა და ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. უნივერსიტეტები სპეციალისტებს ისეთი მიმართულებებით მოამზადებენ, როგორებიცაა მრეწველობა, მშენებლობა, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, პოლიტიკა, სამოქალაქო სექტორი, ხელოვნება და სხვ.
გარდა ამისა, სახელმწიფო იმ პრიორიტეტულ პროფესიებს დააფინანსებს, რომლებზეც დამსაქმებლების მხრიდან დიდი მოთხოვნა არსებობს. საუკეთესო ქართველი სტუდენტები საერთაშორისო დონის დიპლომებს მიიღებენ.
ზოგადი განათლება
სასკოლო განათლების გასაუმჯობესებლად სამინისტრო გეგმავს განათლების ხარისხის ამაღლებას, მოზარდებში კრიტიკული და თავისუფალი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზანს ემსახურება თავისუფალი გაკვეთილები, განახლებული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. საუკეთესო მოსწავლეები უნივერსიტეტში ჩაბარებას სკოლაში მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ, შესაბამისად, მათ რეპეტიტორის აყვანის საჭიროება აღარ ექნებად.
სკოლებში ამოქმედდება მრავალრიცხოვანი სპორტული წრეები, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები.
ამასთან თითოეულ ბავშვს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, ამისათვის სკოლებში თემატური მასტერ-კლასები და ხელოვნების შესახებ საინტერესო გაკვეთილები ჩატარდება.
2017 წელს ასევე გაგრძელდება სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მეცნიერება
გეგმის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის რეგიონის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევების ცენტრი გახდება. ამ გეგმას ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ახალი პროექტი „ისწავლე საქართველოში“. პროექტის ფარგლებში კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოური საერთაშორისო პროგრამები, რის შედეგადაც საქართველოში სწავლას უფრო მეტი უცხოელი შეძლებს, ქართველ მეცნიერებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის საშუალება მიეცემათ.
ახალი წლიდან შემუშავდება ახალგაზრდა მეცნიერთა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა მხარდამჭერი პროგრამები.
ახალგაზრდა გამომგონებლები და მეცნიერები საკუთარ იდეებს კომერციულად მომგებიან წინადადებად აქცევენ. ეს მიდგომა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება. ეს ყველაფერი კი ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება.