თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიულ–საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა 12 ათასზე მეტ ადამიანს სურს, იუწყება ქართული მედია.
განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული 150 პროფესიულ–საგანმანათლებლო პროგრამიდან 45 ევროპული სტანდარტებით შემუშავდა. პროფსასწავლებლები სხვადასხვა კომპანიებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლის ან დასაქმების საშუალებას აძლევს.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 14–27 სექტემბერს გაიარეს. პროფსასწავლებელში მოსახვედრად 11 ოქტომბერს ტესტირების წარმატებით გავლაა აუცილებელი.
ტესტირების მიზანია დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ადამიანის პროფესიული ჩვევები მის მიერ არჩეულ პროფესიას.
შეზღუდულოი შესაძლებლობების მქონე პირთათვის ტესტირების ალტერნატიული ფორმები შემუშავდა.
2013 წლის შემოდგომიდან პროფესიულ–საგანმანათლებლო პროგრამებზე 20 ათასზე მეტი ადამიანი ჩაირიცხა. მათ სწავლისთვის 100%–იანი სახელმწიფო გრანტი მიიღეს. მათგან 250 ადამიანი სპეციალურ განათლებას საჭიროებდა.
საქართველოს პროფესიული სასწავლებლები განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი.