თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს არ აწყობს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების არც გამწვავება და არც ზედმეტი დაახლოება, მიიჩნევს პოლიტოლოგი, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი.
ამის შესახებ დევდარიანმა ვიდეოხიდის თბილისი–კიშინიოვი–მინსკი მსვლელობისას განაცხადა. ვიდეოხიდის მთავარი თემა იყო „2016 წლის საარჩევნო კამპანიები: შეჯამება“. ღონისძიება მიეძღვნა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს საქართველოში, მოლდოვაში, ბელარუსში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში. შეხვედრის მონაწილეებმა უახლოეს მეზობლებსა და რეგიონის მსხვილ სახელმწიფოებს შორის შემდგომი ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს.
„საქართველოს არ აწყობს აშშ-ისა და რუსეთს შორის არც ურთიერთობების გამწვავება, არც ზედმეტი დაახლოება იმ ძირითადი პრობლემების ფონზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით აქვს. ამ შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ის განსაკუთრებული დაახლოება ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესები, შესაძლოა, დაზარალდეს, რადგან რუსეთი და აშშ ძალზე დიდი მოთამაშეები არიან და მათ ყოველთვის შეუძლიათ შეთანხმდნენ ისეთი ქვეყნების ხარჯზე, როგორიც ჩვენ და თქვენ ვართ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, ძალიან აქტიური უნდა ვიყოთ. არ უნდა ველოდოთ, რაზე შეთანხმდებიან ისინი, არამედ ჩვენი განრიგი უნდა შევთავაზოთ“, – აღნიშნა დევდარიანმა.
თანამედროვე პოლიტიკური პროცესი აჩვენებს, რომ ფერადი რევოლუციების ეპოქა მთავრდება. ეს ხდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთმა, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, თავის შესახებ სერიოზულად განაცხადა, არამედ იმიტომაც, რომ ტექნოლოგიები დაძველდა და უკვე ვეღარ მუშაობს, აღნიშნა მან.
„ისინი უკვე იმდენჯერ გამოიყენეს, რომ, ბოდიში უხერხული მაგალითისთვის, საცვალში ხმარებისგან დაძველებული რეზინივითაა – აღარ იჭერს. და აქედან არაფერი აღარ გამოდის. ამიტომ ახალი მიდგომებია შესამუშავებელი. (დონალდ) ტრამპის გამოჩენა და მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში – ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სიგნალია, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მთელი ეს თავსმოხვეული ტრენდი პოლიტკორექტულობის, ტოლერანტობის, აბსოლუტური თავისუფლებების შესახებ – ეს ყველაფერი მთავრდება“, – განაცხადა დევდარიანმა.
ფერადი რევოლუციების გამეორების საშიშროება პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერ რეგიონში შენარჩუნდება, რადგან ამ რევოლუციების გამომწვევი მიზეზები არ გამქრალა და პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკებში მოდუნება, უბრალოდ, ადრეა, მიიჩნევს საინფორმაციო სააგენტო „Sputnik ბელარუსის“ ხელმძღვანელი ანდრეი კაჩურა.
„სრულებით არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოდიან. ახლა ხელისუფლებაში მოდიან ძალები, რომლებიც ძალზე ფხიზლად და კონსტრუქციულად უყურებენ იმას, რაც სხვა ქვეყნებში ხდება. და ტრამპის გამარჯვება სწორედ იმის ძალზე მკაფიო მაგალითია, რომ ამ ქვეყნების შიდა რესურსი უფრო მნიშველოვანია, ვიდრე ნებისმიერი გეოპოლიტიკური ამოცანა, რომელსაც ისინი წყვეტენ. ამიტომ ტრამპში ვერაფერ პრორუსულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა კაჩურამ.
ტრამპი, დიდი ალბათობით, დაიცავს საკუთარ პოზიციას, შეერთებული შტატების პოზიციას და ეს საკმაოდ ხისტი პოზიცია იქნება. მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის მას, მთელ მსოფლიოში ნორმალური ურთიერთობები დაამყაროს, აღნიშნა მან.
მოლდოველი პოლიტიკური ექსპერტის კორნელიუ ჩურიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში ფერადი რევოლუცია არ მომხდარა, მისი ალბათობა მაინც არ არის გამორიცხული.
„(მოლდოვის) ხელისუფლება გამუდმებით ეძებს კავშირებს ვაშინგტონთან. ვაშინგტონთან კავშირი საკვანძო მნიშვნელობისაა ხელისუფლების სტაბილიზაციისთვის, რომელსაც დღეს ვაშინგტონთან, ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობები აქვს, მაგრამ კავშირების დამყარებას მომავალ ადმინისტრაციასთანაც ცდილობს. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონი საელჩოს მეშვეობით მხარს უჭერს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მაგრამ ბოლომდე – არა. ანუ, ხელისუფლება ასი პროცენტით დარწმუნებული არ არის, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა პერმანენტული იქნება. ამის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ტრამპის არჩევისადმი ინტერესი დიდია. ჯერჯერობით ჩვენი ხელისუფლება კონტაქტებს ეძებს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში იმისთვის, რათა არ დაკარგოს ის სუსტი კავშირი, რომელიც ამჟამად არსებობს“, – აღნიშნა ჩურიამ.