თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. დიალოგი ხელშეკრულების შესახებ, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგს ითვალისწინებს, იანვარში განახლდება, როდესაც შვეიცარიული მხარე ახალ მომლაპარაკებელს დანიშნავს, განაცხადა პარლამენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმება 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში გააფორმეს. თავის დროზე საქონელბრუნვის მონიტორინგის პირობა საქართველომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის მიღებაზე თანხმობის სანაცვლოდ მიიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებები შვეიცარიულ კომპანია SGS-თან მიმდინარეობს.
„პროცესი გაჭიანურდა იქიდან გამომდინარე, რომ კონტრაქტი, რომელიც გაფორმდება საქართველოს მთავრობასა და კომპანია SGS-ს შორის და რუსეთის მთავრობასა და SGS-ს შორის, უნდა იყოს იდენტური და ერთსა და იმავე პირობებს აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გაიწელა“, — განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამ კონტრაქტის ყველა მუხლი შეთანხმებულია. არის დარჩენილი რამდენიმე საკითხი, რაც საჭიროებს საბოლოო პოზიციის დაფიქსირებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ახალი მომლაპარაკებლის ჩამოსვლას ველოდებით, დასძინა მან.
შვეიცარიული კომპანია SGS დაკავებული იქნება არა საბაჟო პროცედურებით, არამედ რუსეთში გამავალი და რუსეთიდან შემოტანილი ტვირთების შესახებ ინფორმაციით მოწოდებით. კომპანია გააკონტროლებს საქონელბრუნვას საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს (მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბის გავლით შემოტანილ ან გატანილ ტვირთებზე).