თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ უმრავლესობის შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სამი ფრაქციის ფორმირების საკითხს მხარი დაუჭირა.
შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში გაჩნდება კიდევ სამი ფრაქცია: „ქართული ოცნება — კონსერვატორები“, „ქართული ოცნება — სოციალ-დემოკრატები“ და „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“. რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის ფორმირებისთვის მინიმუმ ექვსი დეპუტატია საჭირო.
ფრაქციას „ქართული ოცნება — კონსერვატორები“ გიგა ბუკია ჩაუდგა სათავეში. მის შემადგენლობაში შედიან: ზიად ძიძიგური, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე, რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე.
ფრაქცია „ქართული ოცნება — სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გახდა. ამ ფრაქციის შემადგენლობაში შევიდნენ კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, სავალან მირზოევი, რომან მუჩიაშვილი და სულხან მახათაძე.
რაც შეეხება ფრაქციას „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“, მას კახაბერ ოქრიაშვილი უხელმძღვანელებს. ფრაქციის შემადგენლობაში შედიან: გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე და გურამ მაჭარაშვილი.
ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ ორი ფრაქცია ჰქონდა: „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება — მრეწველები“, რომლებსაც მამუკა მდინარაძე და სიმონ ნოზაძე ხელმძღვანელობენ.
საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობითაა“ წარმოდგენილი, ორი ფრაქცია აქვს: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“. მათ ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობენ.
კიდევ ერთი ფრაქცია ჩამოაყალიბა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომლის თავმჯდომარეც გიორგი ლომიაა.