თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური.
ასე მაგალითად, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იგივე შეზღუდვაა დაწესებული ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულისა და ლენტეხი-ბენიერის მონაკვეთებზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთებზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.