ტრახიკარპუს ფორჩუნა, მამიკოს ჩიჩილაკი და ხშირი მილოცვები შევარდნაძისთვის

© FL/დათოვლილი ტრახიკარპუს ფორჩუნა
დათოვლილი ტრახიკარპუს ფორჩუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა

მგონია, რომ ადამიანი ჩვენს საოცარ და  ლამაზ დედამიწაზე მცხოვრები ყველა დანარჩენი არსებისგან, პირველ რიგში,  იმით განსხვავდება, რომ რაღაცეები ახსოვს.

მოგონებები საოცრად კარგი რამაა, ნამდვილად გვილამაზებს ცხოვრებას. ამ ახალი წლის მობრძანებამდე სულ ხუთიოდე დღით ადრე გამახსენდა ორი ახალი წლის ისტორია.

ერთი — სოხუმში გატარებული, 1986 წელს. სულ ორჯერ ვიყავი სოხუმში ზამთარში და ერთხელ ჩემი ჩასვლა დაემთხვა ახალ წელს. ვისვენებდი მინისტრთა საბჭოს დასასვენებელ სახლში, რომელიც  ულამაზეს დენდრო-პარკში მდებარეობდა და რომელშიც ჩემი უსაყვარლესი პალმები — ტრახიკარპუს ფორჩუნები იზრდებოდა.

© photo: Sputnik / Вячеслав Бобков / გადასვლა მედიაბანკშისოხუმის დენდროპარკი
სოხუმის დენდროპარკი  - Sputnik საქართველო
სოხუმის დენდროპარკი

არ ვიცი, რატომ მიყვარს ეს ცოტა შემოქმედებითად გაბურძგნული პალმები მთლად ბავშვობიდან. შესაძლოა, ლამაზი და უცნაური სახელწოდების  გამო. თანაც, მე და დედიკო, ზაფხულობით სოხუმში სულ ჰერბარიუმებს ვაგროვებდით სასკოლო  დავალების შესასრულებლად და ყოველთვის პირველად სწორედ ამ პალმის პატარა მარაოთი  ვიწყებდით.

ჰოდა, ერთი ასეთი პალმა საახალწლოდ მოვრთეთ, რადგანაც გადავწყვიტეთ, რომ იმ ადგილას, სადაც იზრდება ამდენი პალმა, ნაძვისხეობა პალმას უნდა გაეწია. გარეთ ისეთი სილამაზე იყო… იმ წელს სოხუმში დიდი თოვლი მოვიდა და დღეს, როდესაც ვიხსენებ იმ ტრახიკარპუს ფორჩუნიან ნაძვის ხიან სოხუმს, მზიან-პლაჟიან-ზღვიანზე ნაკლებად არ მენატრება. ოღონდ იქ დავბრუნდეთ და რა მნიშვნელობა აქვს კლიმატსა და ამინდს?
მეხსიერებაში ამოტივტივებული მეორე ახალი წელი კი 1994 წლის თბილისური  ახალი წელი აღმოჩნდა.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიედუარდ შევარდნაძე სოხუმში, საომარი მოქმედებების დროს
ედუარდ შევარდნაძე სოხუმში, საომარი მოქმედებების დროს - Sputnik საქართველო
ედუარდ შევარდნაძე სოხუმში, საომარი მოქმედებების დროს

მაშინ „იმელში“ ვმუშაობდი და „საშინლად სერიოზული“ თანამდებობა მეკავა —ვიყავი სახელმწიფოს მეთაურის, ბატონი ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ინფორმაციის დარგში. ჩემი რჩევები როგორ სჭირდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ მე მაინც ვურჩევდი და ვურჩევდი, თანაც დღეში რამდენჯერმე.

არ ვიცი, რატომ და 25 დეკემბერს, როდესაც ბატონმა ედუარდმა დამირეკა ინფორმაციების მისაღებად, მივულოცე კათოლიკური შობა. ცოტა არ იყოს გაუკვირდა, მაგრამ მადლობა გადამიხადა და თავადაც მომილოცა.

საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე და როგორ მოვუაროთ მას


ზუსტად იმ დღეს დამირეკა მამამ და მახარა, ჩემი „პლეხანოველი ბიჭები“ მოვიდნენ და ნინკას (ჩემს ქალიშვილს) ჩიჩილაკი და საჩუქრები მოუტანესო. საჩუქრები, იცით, რა იყო? ორი ქილა პაშტეტი, ერთი კილოგრამი კარაქი, წიწიბურა და, არ ვიცი, საიდან იშოვეს, პატარა თოჯინა. საოცრად გამიხარდა და მამას ვთხოვე, ნინკამ არ დაინახოს წინასწარ, შეუნახე-მეთქი.

31 დეკემბერს, ღამის 11 საათზე ჯერ კიდევ სამსახურში ვისხედით. ბატონი ედუარდი ცოცხალი თავით სამსახურიდან არ მიდიოდა  და რა გვექნა?  12-ის 15 წუთზე დარეკა პრესსამდივნოში — სახლში წასვლის წინ ასე იცოდა ხოლმე.  მე დამდეგი ახალი წელი მივულოცე. ამჯერად არაფერი გაკვირვებია, მეც მომილოცა  და… თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლში.

ძლივს მივუსწარი ახალ წელს. დამხვდნენ მამიკო და ბედნიერი, თოჯინაჩახუტებული ნინკა. სუფრაც, ასე თუ ისე, გაშლილი იყო და შუაში იდგა ულამაზესი ჩიჩილაკი.

მანამდეც და მერეც  უამრავი სხვა ნაძვის ხე მქონია ცხოვრებაში — ვერცხლისფერიც, ნატურალურიც… წელს, მაგალითად, თეთრი ნაძვის ხე მაქვს და ძალიან მომწონს, მაგრამ ის ჩიჩილაკი სულ სხვა იყო. რაღაც განსაკუთრებულ სითბოს აფრქვევდა. თანაც ეს აღმოჩნდა მამიკოსთან გატარებული ბოლო ახალი წელი…

მეორე დილით, 1 იანვარს, 8 საათზე სამსახურში მივედი. არადა, მამამ მითხრა, რა გეჩქარება, ახალ წელს შენს გარდა სამსახურში ვინ მივაო?

ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, დარეკა ბატონი ედუარდის ტელეფონმა. ვუპასუხე.  გაკვირვებულმა მკითხა, ამ 1 ინვარს ამ დილაადრიანად სამსახურში რა გინდაო?

კი მინდოდა მეთქვა, თქვენ თვითონ რა გინდათ ამ დილაადრიანად სამსახურში და ჩვენც რატომ არ გვასვენებთ-მეთქი, მაგრამ ამას როგორ გავბედავდი? ისევ მივულოცე და მანაც ისევ მომილოცა საპასუხოდ.

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Torquay Palms / Summer in Torquayაყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა
აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა - Sputnik საქართველო
აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა

მოკლედ შემდეგი მილოცვები იყო შობაზე, 7 იანვარს, მერე ძველი სტილით ახალ წელს, ანუ 14 იანვარს, მერე მის დაბადების დღეზე 25 იანვარს და აი აქ კი ბატონმა ედურდმა, რომელიც,ეტყობა, დავღალე ამდენი მოლოცვებით, მითხრა: ლელა, შენ რაღაც ხშირად მილოცავ ბოლო დროს და არ შეგეშალოს, 8 მარტიც არ მომილოცო შემთხვევითო.

მას მერე ბევრმა წელმა ჩაიარა. მოსკოვში რომ გადავედი სამუშაოდ, ნინკას ულამაზეს ახალ წლებს ვუწყობდი, თავისი სიურპრიზებით. არც ჩემს შვილიშვილს, ანდრიას  არ ვაკლებ, მაგრამ ის ჩიჩილაკიანი და პალმიანი ახალი წლები რატომღაც ყველაზე ტკბილად მახსოვს.

ჰო, მართლა, სხვათა შორის, ტრახიკარპუს ფორჩუნას ძალიან უყვარს საქართველო და მშვენივრდ შეეგუა აქაურობას. უფრო მეტიც, ჩვენმა რედაქტორმა, ქალბატონმა თამარმა — რომელიც ჩემსავით სიგარეტებში კი არ ერკვევა, არამედ, როგორც ნამდვილ ქალბატონს ეკადრება, ყველა მცენარე და ყვავილი ზეპირად იცის — მითხრა, რომ თურმე საახალწლო ჩიჩილაკს ტრახიკარპუს ფორჩუნას ნაყოფებით რთავენ.

ასე რომ, ხომ ხედავთ, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

გისურვებთ სახლებში ლამაზი, მყუდრო და ბედნიერი ნაძვის ხეების ანთებას!!!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0