„Sputnik–საქართველო“ მოგითხრობთ, როგორ შეარჩიოთ საახალწლო ზეიმისთვის ცოცხალი ნაძვის ხე და როგორ მოუაროთ მას სწორად.
იცით თუ არა, რომ ევროპაში საშობაოდ გაყიდული ყველა ნაძვის ხის 90% წარმოშობით საქართველოდანაა? დიახ, იმ 45 მილიონი ნაძვიდან, რომლებიც ყოველწლიურად ევროპის ქვეყნების ბაზარზე ხვდება, 40 მილიონი რაჭული წარმოშობისაა, კონკრეტულად კი ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღიდან. სწორედ ამ სოფლის ტყეში მოპოვებული კავკასიური, იგივე ნორდმანის სოჭის (Abies nordmanniana) თესლიდან ზრდიან ევროპული სანერგეები საახალწლო ნაძვის ხეებს.
რატომ მაინც და მაინც რაჭული? იმიტომ, თურმე, რომ საქართველოს სხვა ტყეებშიც კი გაზრდილი იგივე სახეობა არ გამოირჩევა ისეთი სიმეტრიული აღნაგობითა და განსაკუთრებული ვერცხლისფერი შეფერილობით, როგორც რაჭული და სწორედ ამიტომ გახდა ეს სოჭი ევროპელ მწარმოებელთა რჩეული.
როგორ შევარჩიოთ
სასურველია, თუ საახალწლოდ კომპაქტური ჯიშის ნაძვის ან სოჭის ხეს შეარჩევთ. მადლობა ღმერთს, საქართველოში უკვე არის არჩევანის საშუალება და პატარა ბინებისთვის საახალწლოდ იდეალურია, მაგალითად, კანადური ნაძვი — (Picea Conica). გარდა იმისა რომ ამ ჯიშის ნაძვი საოცრად სიმეტრიული პირამიდული ფორმით გამოირჩევა, ძალიან ნელაც იზრდება — სულ 3-4 სმ წელიწადში (20 წლის ასაკში მხოლოდ 1,5 მეტრს აღწევს სიმაღლეში, ხოლო ვარჯი – 1 მეტრამდე დიამეტრს პირამიდის ძირში).
ამ სახეობის ნაძვს აირჩევთ თუ სხვას, აუცილებლად შეამოწმეთ ფესვები — ფრთხილად ამოიღეთ კონტეინერიდან. ფესვები ცოცხალი და ტენიანი უნდა იყოს და ამასთან მთლიანად უნდა იკავებდეს კონტეინერის მიწის კომს. იმისთვის, რომ გაფუჭებული ან სულაც გადაჭრილი ნაძვი არ შემოგაჩეჩონ, საუკეთესო გამოსავალი მათი სერტიფიცირებული სანერგეებისგან შეძენაა. გარდა ამისა ტოტები ელასტიური უნდა იყოს (ადვილად არ ტყდებოდეს) წიწვები არ სცვიოდეს და გასრესილ წიწვს დამახასიათებელი სურნელი უნდა ჰქონდეს.
როგორ მოვუაროთ
აი, ვიყიდეთ ნაძვი და მივიტანეთ სახლში. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ პირდაპირ თბილ ოთახში. წიწვოვანები ძალიან მგრძნობიარენი არიან ტემპერატურის უცაბედი ცვალებადობის მიმართ. ამიტომ უმჯობესი იქნება რამდენიმე დღე ავტოფარეხში ან შუშაბანდში დააყოვნოთ და ნელა შეაჩვიოთ ოთახის ტემპერატურას.
მას შემდეგ, რაც ოთახში შეიტანთ, დადგით რაც შეიძლება შორს გამათბობელი მოწყობილობებისგან და შეეცადეთ შეძლებისდაგვარად ჰაერი დაუტენიანოთ. ცოცხალი ნაძვის მორთვა მხოლოდ ძალიან მსუბუქი სათამაშოებითა და დაბალი სიმძლავრის ციმციმებით შეიძლება.
მორწყეთ ნაძვი ქოთანში ზომიერად, ისე, რომ ნიადაგი არ გამოუშრეს და აუცილებლად დანამეთ პულვერიზატორით. ამისთვის ნალღობი ან ნადგამი, ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.
თუმცა, როგორი კარგი პირობებიც არ უნდა შეუქმნათ თქვენს საახალწლო ნაძვის ხეს, იცოდეთ, რომ მისი გაჩერება ოთახში 3 კვირაზე მეტი ხნით მცენარის დაღუპვას გამოიწვევს. მას აუცილებლად სჭირდება ზამთრის სუსხიანი, გრილი ჰაერი და მაქსიმალური განათება. ამიტომ დღესასწაულების დასრულების შემდეგ აუცილებლად გაიტანეთ გარეთ, თუმცა იმავე პრინციპით, როგორც შემოიტანეთ — ჯერ 2-3 დღით ოდნავ დაბალ ტემპერატურაზე, შემდეგ კი უკვე ღია ცის ქვეშ.
თუ გარეთ გატანის შემდეგ ნაძვის კვლავ ქოთანში დატოვებას გადაწყვეტთ, შეეცადეთ ქოთნით ცივ მიწაზე არ დადგათ და შეფუთოთ, რადგან პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული ნაძვის ფესვები ძალიან მგრძნობიარეა ყინვების მიმართ.
საუკეთესო ვარიანტია, თუ ნაძვს პირდაპირ გრუნტში გადაიტანთ. ამისთვის შეარჩიეთ შედარებით თბილი დღე — გრუნტი რომ გაყინული არ იყოს. ამოთხარეთ კონტეინერის ზომის ორმო და ძალიან ფრთხილად, მიწის კომის დარღვევის გარეშე გადაიტანეთ ნაძვი გრუნტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესვებს არსებული გრუნტი არ მოშორდეს, ვინაიდან ყველა წიწვოვანი აღმოცენების დღიდან ფესვებზე ივითარებს ერთგვარ სოკოს, რომელიც მას ეხმარება ნიადაგიდან წყლისა და სხვა მიკროელემენტების მიღებაში. თუ გადარგვისას მიწის კომს ჩამოაცილებთ, სანამ ახალ გრუნტში ნაძვი ახალ სოკოებს შექმნის, მანამდე ფაქტიურად შიმშილობს და მისი დაღუპვის ალბათობა ძალიან დიდია.
თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ თქვენი ქოთნის ნაძვის ხე წლების მანძილზე გემსახუროთ, შეგიძლიათ ოთახის პირობებისათვის უფრო მარტივად ადაპტირებად წიწვოვანებზე შეაჩეროთ არჩევანი, როგორებიცაა: კვიპაროსი, ტუია, კრიპტომერია, არაუკარია. ეს უკანასკნელი ძალიან ჰგავს თქვენთვის ჩვეულ ნაძვის ხეს და ბევრად მარტივი მოსავლელიც არის.
ნაძვის ხეების თბილისური არჩევანი
პირველ რიგში, ზემოთ ნახსენები Picea Conica — კანადური ნაძვი — იგი კომპანია „აგრომაქს დეკორისგან“ შეგიძლიათ შეიძინოთ. 40-50 სმ სიმაღლის მცენარე 18 ლარი დაგიჯდებათ, 1 მ – 45 ლარი, ხოლო 1,2 მ — 65 ლარი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იდეალური ვარიანტია პატარა ბინებისთვის.
Picea Blue Daimond – ძალიან პოპულარული ვერცხლისფერი ნაძვი — იმავე „აგრომაქს დეკორში“ 0,6-0,7 მ-მდე — 66 ლარი ღირს. ნაძვების სხვა სახეობების ფასები 1,5 მ-დან 1,8 მ-მდე, შესაბამისად, 140-დან 325 ლარამდე ეღირება.
ნაძვების საკმაოდ მრვალფეროვანი არჩევანი აქვს კომპანია „საქართველოს ნერგებს“. იქ ფასები 40 ლარიდან 140 ლარამდე მერყეობს, თან გაითვალისწინეთ, რომ კომპანიამ საახალწლოდ 25%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა.
რაც შეეხება ევროპაში ყველაზე პოპულარულ Abies nordmanniana – კავკასიური სოჭს, კომპანია „აგრომაქს დეკორში“ 1-1,2 სიმაღლის ამ მცენარეს 320 ლარად შეიძენთ. იგივე მცენარე 1,5 მ, 2 მ და 5 მ სიმაღლის, შესაბამისად, 650, 1500 და 7000 ლარი დაგიჯდებათ „საქართველოს ნერგებში“.
ეს მცენარე ყველაზე იაფად გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში შეგიძლიათ შეიძინოთ. იქ ე.წ. „სტარტერების“ (10 სმ-მდე) ფასი 50 თეთრიდან იწყება.
იმედია, ჩვენი რეკომენდაციები სასარგებლო სამსახურს გაგიწევთ.
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!