თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. ხოლო, საავტომობილო გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-125 კმ (ლენტეხი-ბენიერი) მონაკვეთზე.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-65 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ზამთრის საბურავებისა და დადგენილი რეჟიმების დაცვისკენ მოუწოდებს.