თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ დუისბურგში ორი პირი დააკავა, რომლებიც სავაჭრო ცენტრში ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გერმანიის ქალაქ ესენის პოლიციაზე დაყრდნობით.
პოლიციის ინფორმაციით, წუხელ, 00:45 საათზე ადგილობრივი დროით, სამართალდამცველებმა 28 და 31 წლის ორი მამაკაცი დაკავეს. ეს კოსოვოდან გერმანიაში გადასული ძმები არიან. პოლიციის ვარაუდით, ისინი ქალაქ ობერჰაუზენის სავაჭრო ცენტრში ტერაქტს გეგმავდნენ.
„ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება, რათა გაირკვეს, რამდენად შორსაა წასული [ტერაქტის] მომზადება და იღებდნენ თუ არა ამაში მონაწილეობას სხვა პირები“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ესენის პოლიციის შტაბმა სპეცსამსახურებისგან ჯერ კიდევ ხუთშაბათს, ადრე დილით მიიღო ცნობა მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრთან და მის სიახლოვეს მდებარე საშობაო ბაზრობაზე პოლიციის დამატებით ძალებს მოუყარეს თავი.