თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
გამოცემა Panorama-ს ინფორმაციით, ინციდენტი ღამით მოხდა, როდესაც პოლიციამ ჩვეულებრივი კონტროლის მიზნით ქუჩაში უცნობი მამაკაცი გააჩერა. საბუთების წარდგენის თხოვნაზე მან პოლიციელების მისამართით სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთი პოლიციელი დაიჭრა, ტერორისტი კი მოკლეს.
სააგენტო Ansa საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოკლული თითების ანაბეჭდებითა და გარეგნული აღწერით იდენტიფიცირებულია, როგორც ტუნისელი ანის ამრი.
„ეჭვგარეშეა, რომ მოკლული ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი ანის ამრია“, — განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარკო მინიტიმ რომში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მომხდართან დაკავშირებით მინიტიმ აღნიშნა, რომ იტალიაში კონტროლი მაღალ დონეზე ხორციელდება, რომელიც მიმალვაში მყოფი პირის ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში მისი „იდენტიფიცირებისა და ნეიტრალიზების“ საშუალებას იძლევა. „ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სისტემა მუშაობს“, — აღნიშნა მინისტრმა.
ორშაბათს, საღამოს ბერლინის ცენტრში მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილი შეიჭრა და ხალხს გადაუარა. შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 48 ადამიანი. გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ტერაქტი იყო. სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილზე, 24 წლის ტუნისელ ანის ამრიზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა. მის დაჭერაში გაწეული დახმარებისთვის დაინიშნა ჯილდო 100 ათასი ევროს ოდენობით.
სამართალდამცველების მონაცემებით, ამრი გერმანიაში არსებულ რადიკალურ ისლამისტურ წრეებთან იყო დაკავშირებული.